ვენახის გაშენების წესები

ვენახის გაშენების წესები, აგროპოსტი, Agropost

ვაზი მიეკუთვნება  ვაზისებრთა  ოჯახს. იგი  უმთავრესად დედამიწის  თბილი  და  ზომიერი   ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად  მოპოვებული ისტორიული მასალა მიუთითებს, რომ  საქართველოს  თითქმის  ყველა კუთხეში  ყოფილა  განვითარებული  მევენახეობა  ჩვენს  წელთაღრიცხვამდე 4000  წლის წინათ.

საქართველოში ვაზის სამრეწველო ნარგავები  ზღვის დონიდან 600-700 მეტრამდეა  გავრცელებული, თუმცა ზოგიერთ მაღალმთიან რაიონებში იგი 800-1200 მეტრ სიმაღლემდე აღწევს. სავეგეტაციო პერიოდი წვენის მოძრაობის დაწყებიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე  200-240  დღეს  შეადგენს  და განსხვავებულია, როგორც აღმოსავლეთით  ისე  დასავლეთ საქართველოში რაიონები ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით. მეტად საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი 95-120 დღეა, ხოლო მეტად  საგვიანო ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი (ოჯალეში, ჩხავერი) 210-220 დღეა. 

ვენახის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ვაზი.

ვენახის გაშენებისათვის ხელსაყრელია ისეთი ფართობების შერჩევა, სადაც წინა წლებში ხდებოდა პარკოსანი კულტურების წარმოება.

რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (pH). ვაზი ცოცხლობს და ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებული და დამლაშებული ნიადაგებისა, მისთვის საუკეთესოა კორდიან-კარბონატული, ალუვიური, ქვაღორღიანი და ქვიშნარი ნიადაგები.

მევენახეობის ყველა ზონაში სავენახე ფართობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური ფაქტორების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე, მოსავლის ხარისხზე. აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის და ქვენიადაგის თვისებებს, ფერდობების დაქანებას და სხვა.

საქართველოში შესაძლებელია სავენახედ გამოყენებული იქნას ყოველმხრივ დაქანებული ფართობები, მაგრამ უმჯობესია ვენახის გაშენებისათვის აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ დაქანებული ფერდობების შერჩევა. განსაკუთრებით ეს ეხება მთიან ზონას, სადაც შედარებით ნაკლები სითბოა. რაც შეეხება ფართობის დაქანებას, ამ შემთხვევაში ოპტიმალურია 10°-მდე დახრილობის ფერდობები. ვაკე და ტაფობ ადგილებში გაშენებული ვაზი შესაძლოა ადვილად დაზიანდეს დაავადებების და არახელსაყრელი კლიმატური პირობების ზემოქმედებით, ხოლო 10°-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ვენახის გაშენება შესაძლებელია დატერასების შემდეგ.

ტერასის სიგანე დამოკიდებულია ფართობის დაქანების კუთხეზე: რაც უფრო მეტადაა დაქანებული ნაკვეთი, მით უფრო ვიწრო ტერასია საჭირო.

ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 8.0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ვაზის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ვაზის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH-ის რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება. პირველ რიგში სავენახედ გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს ჯაგნარისა და ხის ძირკვებისაგან. აუცილებლად უნდა გაიკაფოს და ამოიძირკვოს დიდი ხეები, ისე რომ ნიადაგში არ დარჩეს ფესვები, რადგან ისინი ხელს უშლიან ნიადაგის დამუშავებას. თუ სავენახე ნაკვეთზე გავრცელებულია სარეველები, მათ მოსასპობად საჭიროა გადარგვამდე ნაკვეთის დამუშავება ჰერბიციდებით. თუ ვენახი შენდება ნავენახარ ფართობზე საჭიროა ვაზის ძირფესვიანად ამოძირკვა, ნაკვეთიდან მისი გატანა და დაწვა.

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს სარწყავი ქსელის დაგეგმვა,  სადრენაჟო ქსელის მოწყობა, ნიადაგის აგროსაწარმოო თვისებების გაუმჯობესება, პლანტაჟის ჩატარება და ქარსაფარი ზოლის მოწყობა.

თუ ნაკვეთში არსებობს წყლის დაგუბების რისკები, აკეთებენ წყლის საწრეტ ქსელებს.

საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს ქვის გამოყენება დრენაჟის მოსაწყობად. ამ დროს არხის ფსკერზე აწყობენ შედარებით დიდ ქვებს, რომელთაც ზემოდან ადებენ ბრტყელ ქვას ისე, რომ გაკეთდეს ღარი. შემდეგ ზემოდან აყრიან წვრილ ქვებს და ფარავენ ბელტებით, არხის სიღრმის 1/3-მდე.

თუ ნაკვეთის რომელიმე უბანს, ან მთლიანად ნაკვეთს აქვს ტაფობის ფორმა, ანუ ჩაზნექილია შუაში, ასეთ შემთხვევაში იღებენ ღრმა ჭას და წყალსაწრეტ არხებს მიმართულება ეძლევათ ჭისკენ.

ვენახის  გასაშენებელი ადგილის შერჩევის შემდეგ  ტარდება  ნიადაგის პლანტაჟი, ანუ  ნიადაგის ღრმად დამუშავება ნიადაგის ფენათა გადაადგილებით. დასავლეთ საქართველოში პლანტაჟის სიღრმე უნდა იყოს 50-60სმ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში  60-70სმ. პლანტაჟი ტარდება  ვაზის დარგვამდე 3-5 თვით ადრე.

თუ ვაზის გაშენება იგეგმება ნავენახარ ფართობზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია 2-3 წლიანი პერიოდი და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

ვაზის  დარგვამდე 20-25 დღით ადრე პლანტაჟირებული ნიადაგი უნდა გადაიხნას გარდი-გარდმო 25 სმ-ის სიღრმეზე და დაიფარცხოს და მოსწორდეს.

ნიადაგის მოსწორებისა და გაწმენდის შემდეგ ნაკვეთი იგეგმება დასარგავად. ამისათვის მწკრივებს შორის დადგენილ მანძილზე (2,1-2-3 მ) გაიჭიმება მავთული და გაივლება სწორი ხაზი. შემდეგ – საწინაამღდეგო მიმართულებით. ვაზებს შორის მიღებულ მანძილზე (1-1,25-2 მ) გაივლება ასეთივე მავთული და მათი გადაკვეთის წერტილში დაირგვება ვაზი.

ნაკვეთის დაგეგმვა მონიშვნითაც შეიძლება. ამისათვის მწკრივების გასწვრივ თავსა და ბოლოში, მწკრივებს შორის მიღებულ მანძილზე ჩაისობა პალოები, მათზე გაიჭიმება მავთული და ვაზთა შორის მანძილი აღინიშნება ჩხირების ჩასობით.

ვაზის  დარგვამდე, ასევე საჭიროა დამუშავდეს ეროზიისაგან  ნიადაგის დაცვის საკითხი და შეიქმნას  მექანიზაციის ფართოდ გამოყენების პირობები. ამის მისაღწევად, რელიეფისა და ნიადაგური პირობების გათვალისწინებით, ტერიტორია უნდა დაიყოს კვარტლებად, თარგებად, თარგებში კი რიგების მიმართულებად.

ამ დროს საჭიროა  დაიგეგმოს  საგზაო ქსელი, ქარსაფარი ტყის ზოლები და სარწყავი სისტემა. სარწყავ რეგიონებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  რიგების  მიმართულების  შერჩევას. რიგების მიმართულება უნდა უზრუნველყოფდეს  მექანიზაციის  შეუფერხებელ გამოყენებას, აგრეთვე ტერიტორიის  დაცვას ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისაგან. ვაკე ადგილებში მწკრივები უმჯობესია განლაგდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმარღთულებით,რაც უზრუნველყოფს  მთელი დღის განმავლობაში მცენარეთა კარგ განათებას.

ვენახის  პირველ  ტერიტორიულ  ერთეულად  მიღებულია  3-6 ჰექტრიანი  თარგი-სიგანით 100 და სიგრძე  300-600 მეტრი, რომელიც  ყოველი მხრიდან იფარგლება  გზებითა  და  ტრაქტორის  მოსაბრუნებელი ზოლით. თარგთა  შორისი  და საპლანტაციო გზების სიგანე უნდა იყოს  6 მეტრი, ტრაქტორის მოსაბრუნებელი კი 8 მეტრი.

მევენახეობის პრაქტიკაში მიღებულია ვაზის განლაგების  3 წესი: მწკრივობრივი, კვადრატული და  ჭადრაკული. 

დაგეგმვის  მწკრივობრივი წესი ეწოდება  ისეთ წესს, როდესაც მწკრივთაშორისი მანძილი მეტია მწკრივებში ვაზებს შორის  მანძილთან შედარებით. კვადრატული წესით დაგეგმვის დროს  მანძილები თანაბარია, როგორც მწკრივებს შორის ისე მწკრივებში-ვაზებს  შორის. ჭადრაკული წესის  დროს  ცალკეული ვაზი იმყოფება ტოლფერდა სამკუთხედის ცენტრში ან  უახლოესი  სამი ვაზის ჯგუფი  ქმნის ტოლგვერდა სამკუთხედს. აღნიშნულ წესებს შორის ყველაზე მეტი პრაქტიკული გამოყენება აქვს მწკრივობრივად დარგვის წესს.დაგეგმვის ეს წესი შეხამებულია სამუშაოების  მექანიზებულად ჩატარებასა და ვაზის სასურველ გაფორმებასთან.

აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემდეგ ფართობში იღებენ ორმოებს და შეაქვთ 4-5კგ. გადამწვარი, მიწაში არეული ნაკელი.

დარგვის წესი და ვადები. ვაზის დარგვა შეიძლება, როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომით, თუ უკანასკნელ შემთხვევაში საშიშროება არ არის ვაზის ახალდარგული ნერგის დაზიანებისა ყინვების გამო. გაზაფხულზე ვაზის დარგვა უნა დამთავრდეს კვირტის გაშლამდე. დასავლეთ საქართველოში ვაზის დარგვა უნდა დამთავრდეს 15 მარტამდე, აღმოსავლეთში კი 1 აპრილამდე.

ნერგის დამსხვილებული ფესვები დარგვამდე უნდა შეიკვეცოს 15-20 სმ სიგრძეზე. წვრილი ფესვები კი უნდა მოიჭრას ბაზისთან.

რაც შეეხება ნაზარდს, მისი შეიკვეცება 2-3 კვირტზე. წლიურ ნამყენ ნერგს აქვს ძირითადად ერთი რქა, ხოლო ორწლიანებს – მეტი. ამ დროს დასატოვებლად უნდა შეირჩეს უკეთესი მდებარეობისა და განვითარების მქონე ნაზარდი. გაშენების წინ ნაზარდს ორჯერადად ამოავლებენ 70-80°ჩ-ზე გამდნარ პარაფინში. ამ დროს ნამყენის თავი და მყნობის ადგილი 10 სმ-ის სიგრძეზე პარაფინის თხელი ფენით უნდა დაიფაროს. ზოგ შემთხვევებში შესაძლოა, საჭირო გახდეს სარგავი მასალის წყალში დალბობა 8-12 საათის განმავლობაში.

დარგვისას ნერგები მწკრივში ერთ სწორ ხაზზე განლაგდეს და ორმოში ვერტიკალურად იქნას ჩარგული. მყნობის ადგილი 2-3 სმ-ით მაღლა უნდა მდებარეობდეს ნიადაგის ზედაპირიდან. ამგვარ პოზიციაში დაყენებულ ნერგს შუა ადგილზე მიაყრიან ნაკელიან მიწას და მოტკეპნიან. შემდეგ ორმოს მთლიანად ამოავსებენ და ხელმეორედ მოტკეპნიან. საბოლოოდ, ნერგს ფხვიერი მიწით უკეთებენ ე.წ. “კოკოლას”, ანუ მიწაყრილს, რომლის სიმაღლეც შემოდგომით დარგვის შემთხვევაში უნდა უდრიდეს 10-12 სმ-ს, ხოლო გაზაფხულზე დარგვისას – 6-8 სმ-ს.

დარგვის შემდეგ საჭიროა ნარგავის სისტემატური დათვალიერება, კოკოლების შესწორება, ამონაყრებისა და სანამყენედან გამოტანილი ფესვების მოცილება.

გავრცელებული კვების არეები:

  • მცენარეებს შორის 1,5 მეტრი და რიგებს შორის 1,5 მეტრი;
  • მცენარეებს შორის 1,2 მეტრი და რიგებს შორის 1,5 მეტრი;
  • მცენარეებს შორის 1,25 მეტრი და რიგებს შორის 1,25 მეტრი.

ნერგი. ხარისხიან ნერგს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი კარგად დამსხვილებული ფესვი.

ახალგაშენებული ვენახის მოვლა. ახალშენი ვენახი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ამ დროს მთავარი მიზანია ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარება, მსხმოიარობაში დაჩქარებით შესვლა და სასურველი ფორმის გამოყვანა. ამიტომ საჭიროა შემდეგი სახის ძირითადი ღონისძიებების განხორციელება:

  1. აუცილებელია, რომ ყურადღება მიექცეს კოკოლების მდგომარეობას. მათი ჩამოშლის (წვიმა, ქარი) შემთხვევაში საჭიროა კოკოლების შესწორება;
  2. კოკოლები თანდათანობით უნდა ჩამოიშალოს, ქერქი დაიშალოს, სანამყენედან განვითარებული ფესვები და საძირიდან წამოსული ყლორტები შეეჭრას.

აღნიშნული ოპერაციები მეორდება 20-25 დღის შემდეგ, იმ ანგარიშით, რომ აგვისტოში კოკოლები მთლიანად მოსცილდეს.

დაპარაფინებული ნერგით დარგვისას ამ ოპერაციების ჩატარება არ არის საჭირო

ზაფხულის პერიოდში ჩატარდება ნიადაგის კულტივაცია, გამოთოხნა, მორწყვა, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა (მინიმუმ 14-15 ჯერ), აზოტოვანი სასუქებით ან წუნწუხით 2-3 ჯერ გამოკვება.

გაშენების პირველ წელს პლანტაჟის გავლენით გაადვილებულია ნიადაგის დამუშავება. რეკომენდებულია ჯვარედინი კულტივაციის ჩატარება (მწკრივების გასწვრივ და პერპენდიკულარულად). იგი ამცირებს ხელით დასამუშავებელი მიწის ფართობს და აადვილებს სარეველების წინააღმდეგ ბრძოლას.

ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გაშენების პირველ წელს ნიადაგის გაფხვიერება. ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგი 3-4-ჯერ ფხვიერდება 10-12 სმ-ის სიღრმეზე. პირველი წლის შემოდგომაზე საჭიროა მოხვნა 18-20 სმ-ის სიღრმეზე და ვაზისათვის მიწის შემოყრა.

ვენახის გაშენების მეორე წელს ადრე გაზაფხულზე, ვენახი უნდა მოიხნას ნაზურგად, ვაზს შემოეცალოს მიწა და მწკრივები გაითოხნოს.

გამორგვა. ახლად გაშენებულ ვენახში თითქმის ყოველთვის წარმოიქმნება მოცდენილი ადგილები. ასეთ შემთხვევაში პირველი წლის შემოდგომაზე, ან მეორე წლის გაზაფხულზე გაცდენილი ადგილები უნდა გამოირგოს იგივე ჯიშის ნერგით.

დანორმება. საჭიროა პირველივე წელს შეირჩეს ორი უკეთესი მდგომარეობისა და განვითარების ყლორტი (დანარჩენი ყლორტები კი უნდა მოსცილდეს). თუკი ეს ღონისძიება ადრეულ ვადებში ჩატარდება, მალევე შემცირდება საკვები ნივთიერებების უსარგებლო ხარჯვა მცენარის გამოუსადეგარ ნაწილებზე. სავეგეტაციო პერიოდში ძირითად ყლორტზე განვითარებული ნამხრევები უნდა მოცილდეს მანამ, სანამ ისინი ნორჩ მდგომარეობაში იმყოფებიან. წლის მანძილზე საჭიროა ამ ოპერაციის 3-4-ჯერ ჩატარება.

საყრდენი სისტემა. ცნობილია ვაზის როგორც საყრდენიანი, ასევე უსაყრდენო ფორმები. უსაყრდენო ფორმების შემთხვევაში ვენახის გაშენების პირველ წელს ვაზებისათვის მაინც საჭიროა დროებითი საყრდენის მოწყობა, შტამბის გამსხვილებამდე. საყრდენიანი ფორმებისათვის საყრდენად ძირითადად იყენებენ შპალერულ ფორმას, ცალკეული ნარგაობის დაყენებას სარზე, სუფრის ყურძნის გაშენების შემთხვევაში კი აწყობენ ტალავერს ან ოლიხნარს.

საყრდენი საშუალებებებიდან ძირითადად გავრცელებულია ორი მეთოდი: ცალკეული ვაზების დაყენება სარზე და შპალერის მოწყობა.

ვაზის დაყენება სარზე. საქართველოში ძირითადად გამოიყენებოდა ცალკეული ვაზების დაყენება ერთ სარზე.

ძლიერი ზრდის ვაზებს, რომელთაც გასხვლის დროს უტოვებდნენ ორ სანაყოფეს, ხშირად ეძლეოდათ დამატებითი სარი. ორ სარზე დაყენებისას შესაძლებელია ერთი სანაყოფე ჰორიზონტალურად დამაგრდეს, ხოლო მეორე კი რკალისებურად, ან ორივე სანაყოფის დამაგრება მოხდეს ჰორიზონტალურად.

შპალერის მოწყობა. ვაზის საყრდენ სისტემებს შორის ყველაზე გავრცელებულია შპალერის მოწყობა. ამ ტიპის საყრდენი სისტემისათვის საჭიროა ბოძები, საყრდენი და მავრთული, ცალკეული მწკრივების მიხედვით.

Summary
ვენახის გაშენების წესები, აგროპოსტი, Agropost
Article Name
ვენახის გაშენების წესები, აგროპოსტი, Agropost
Description
ვენახის გაშენების წესები, ვაზი მიეკუთვნება ვაზისებრთა ოჯახს. იგი უმთავრესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ისტორიული მასალა მიუთითებს ...

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …