ვაზის მოვლის აგროწესები

ვაზის მოვლა აგროწესები, აგროპოსტი, Agropost

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია.

ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან.

ჩვენი სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოხატულია ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დარგებში.

საქართველო მიიჩნევა მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და  მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ერთ-ერთ ზონად მსოფლიოში.

რაც შეეხება თავად კულტურას, სხვა მრავალწლიან მცენარეებთან შედარებით ვაზი ადრე 2-3 წლიდან იწყებს მოსავლის მოცემას.

კარგი მოვლისას 1 ჰა ვენახი 5 წლის ასაკში 7-8, ხოლო შემდეგ წლებში 10-14 ტონა მოსავალს იძლევა, ხოლო ზოგიერთი მაღალმოსავლიანი ჯიშების მოსავალი კი 20-30 ტონას აღწევს.

ვაზიდან მიღებული მოსავალი (ყურძენი) მრავალი დანიშნულებით გამოიყენება. მისგან შესაძლებელია მივიღოთ:

  • ქიშმიში;
  • სუფრის ყურძენი;
  • ყურძნის წვენი;
  • ღვინო.

ვენახში ჩასატარებელი სამუშაოები ვაზის განვითარების პერიოდების მიხედვით. წლის მანძილზე ვაზის განვითარება ორ პერიოდად იყოფა:

I პასიური პერიოდი. იწყება ვაზის ფოთოლცვენის დამთავრებიდან და გრძელდება ტირილის დაწყებამდე.

ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადგილის კლიმატურ პირობებზე. თბილ, ზომიერ ადგილებში იგი იწყება დეკემბრის პირველი რიცხვებიდან და გრძელდება მარტამდე. ცივ რაიონებში კი – პასიური პერიოდი იწყება ნოემბერში და აპრილამდე გრძელდება.

მოსვენების პერიოდში ვენახში მიმდინარეობს: გასხვლა, სასუქების შეტანა, მოხვნა, გადაწიდვნა, ვაზის დარგვა, საყრდენის რემონტი და მოწყობა, საძირე და სანამყენე მასალის აჭრა და ა.შ. მთელი რიგი სამუშაოები.

გასხვლა. ვენახის გასხვლა შესაძლებელია ჩატარდეს ზამთარში (ფოთლების ჩამოცვენიდან ორი კვირის შემდეგ) და გაზაფხულზე (კვირტების დაბერვამდე).

პირველი გასხვლისას, დარგვიდან მეორე წელს ვაზს უტოვებენ ორ, კარგად განვითარებულ ქვედა კვირტს. მეორე გასხვლის დროს შეირჩევა უფრო განვითარებული რქა და გაისხვლება 3-4 კვირტზე.

მესამე წელს, ფორმირების წესის მიხედვით, ვაზის გასხვლა შესაძლებელია შტამბის გამოსაყვანად. ამ დროს არჩევენ კარგად განვითარებულ რქას და სხლავენ შტამბის სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე სუსტია, შტამბს გამოიყვანენ მომდევნო წელს.  

შტამბის გამოყვანის დასრულების შემდეგ ტოვებენ ორ რქას, საიდანაც ერთს სხლავენ მოკლედ, 2-3 კვირტზე, რის შედეგადაც მისგან მიიღება სამამულე რქა. მასზე ვითარდება ფორმირების ელემენტები. მეორე რქას გრძლად სხლავენ 8-10 კვირტზე და მისგან ვითარდება სანაყოფე რქა.

Gასხვლისას საჭიროა შემდეგი ზოგადი წესების გათვალისწინება:

II აქტიური პერიოდი. იგი იწყება ადრე გაზაფხულზე ვაზის ტირილით და გრძელდება ფოთლების ჩამოცვენის ჩათვლით.

აქტიური პერიოდი (ხანა) იყოფა რამდენიმე ბიოლოგიურ ფაზად:

  1. ტირილი;
  2. კვირტების გაშლა და ყლორტის განვითარება;
  3. ყვავილობა;
  4. მარცვლის ზრდა, განვითარება-გამსხვილება, გამოხორბვლა;
  5. მარცვლების მომწიფება;
  6. სიმწიფე და ფოთოლცვენა.

პირველი ბიოლოგიური ფაზა – ტირილი. პირველი ბიოლოგიური ფაზა ტირილია. იგი იწყება წვენთა მოძრაობის დაწყებით და მთავრდება კვირტების გამოფურჩქვნით. ტირილი 8-10 გრადუს ტემპერატურაზე იწყება.

ვაზის ტირილს იწვევს სითბო და სინოტივე.  ტირილის პერიოდში ვაზიდან 3-4, ზოგჯერ 4-5 ლიტრი სითხე იღვრება. აღნიშნულია 16 ლიტრი სითხის გადმოღვრაც.

გადმონაღვარის ძირითადი ნაწილი წყალია, მასში მცირე რაოდენობითაა საკვები ნივთიერებები.

ტირილი იწყება გადანაჭრებიდან. ტირილის დამთავრებისას ჭრილობის ზედაპირზე წარმოიქმნება დამცავი ქსოვილი და ვაზი აჩერებს ტირილს.  ჭრილობის განახლებისას ტირილი ისევ დაიწყება.

ტირილის დროს ვენახში ხდება: საყრდენის რემონტი, სასუქების შეტანა, ნიადაგის საგაზაფხულო დამუშავება, შეყელვა და სხვ.

 მეორე ბიოლოგიური ფაზა – კვირტების გაშლა და ყლორტის განვითარება. ეს ბიოლოგიური ფაზა იწყება კვირტების გაშლით და გრძელდება ყვავილობის დაწყებამდე. იგი 45-50 დღე მიმდინარეობს.

ამ ფაზაში ვენახში მიმდინარეობს: ყლორტების დანორმება, ნამხრევების შეცლა, ახვევა, სარეველებთან და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის მოვლა. ზოგიერთ ჯიშებზე წვეროების წაწყვეტა.

მესამე ბიოლოგიური ფაზა – ყვავილობა. ბიოლოგიური ფაზა იწყება ყვავილობის ნიშნების გამოჩენით, მთავრდება სრული დაყვავილებით და გამონასკვით.

ყვავილობა სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, როგორც ჯიშების მიხედვით, ისე ერთი და იგივე ჯიშის ცალკეულ ვაზებზე, ვაზის ცალკეულ ნაწილებზე და იმავე ყვავილედშიც.

15 გრადუსზე ყვავილობა ნელი ტემპით მიმდინარეობს, 18-20 გრადუსზე ყვავილობა ნორმალურია, ხოლო საუკეთესოა 25-30 გრადუსზე. უფრო მაღალი სითბო უარყოფითად მოქმედებს ყვავილობის პროცესზე.

ხელსაყრელ პირობებში ყვავილობა 15 დღემდე გრძელდება. არა ხელშემწყობ პირობებში კი – 20-25 დღემდე მიმდინარეობს.

აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ამ დროს ვენახში მიმდინარეობს: ახვევა, ნამხრევების შეცლა, სარეველებთან და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა და სხვ.

მეოთხე ბიოლოგიური ფაზა – მარცვლის ზრდა, განვითარება-გამსხვილება, გამოხორბვლა. ეს ბიოლოგიური ფაზა იწყება მარცვლების გამოხორბვლით და გრძელდება ყურძნის სიმწიფის დაწყებამდე.

ამ ფაზაში ყლორტები ისევ განაგრძობენ ზრდას. ვითარდება ფოთლები. ადრე განვითარებული ფოთლები ბერდება, შუა ზონის ფოთლები ასრულებენ ზრდას, ყლორტი სისქეში იზრდება.

გამოხორბლილი მარცვლების ნაწილი ანელებს ზრდას, ისინი ღებულობენ მომწვანო-მოყვითალო ელფერს და როდესაც სიდიდით 4-5 მმ-მდე მიაღწევენ, იწყებენ ცვენას.

მარცვლის ცვენა უარყოფითი მოვლენაა და დაკავშირებულია ჯიშურ თვისებებთან და გარემო ფაქტორებთან (ტემპერატურის დაცემა და რყევადობა, ხანგრძლივი წვიმები, დაავადებების მოქმედება).

თუმცა აღსანიშნავია, რომ მარცვლების 5,0 მმ-ის მიღწევისას მათი ჩამოცვენა იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ხდება. ამ პერიოდიდან დაწყებული მიმდინარეობს მარცვლების ინტენსიური ზრდა.

მოცემულ პერიოდში ვენახში ჩასატარებელი ღონისძიებებია: გაფურჩქვნა, ნამხრევების შეცლა, ყლორტების ახვევა, სარეველებთან და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა. ეს მეოთხე ბიოლოგიური ფაზა 40-60 დღე გრძელდება.

მეხუთე ბიოლოგიური ფაზა – მარცვლების მომწიფება. მეხუთე ბიოლოგიური ფაზა იწყება ყურძენის თვალში შესვლით და მთავრდება ფიზიოლოგიური სიმწიფის დაწყებამდე.

ამ დროს:

  • ვაზის ვეგეტატიური ნაწილების ზრდა შენელებულია;
  • ყლორტი მთელ სიგრძეზე ხევდება და რქად გადაიქცევა;
  • მარცვალში ინტენსიურად მიმდინარეობს შაქრების დაგროვება;
  • მეხუთე ბიოლოგიური ფაზა ყურძნის  დამწიფებით მთავრდება.

აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ვენახში ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს: ყლორტების წვეროს წაჭრა (ცის გახსნა), ზოგიერთ ჯიშებზე ნამხრევების შეცლა, მორწყვა, მავნე ორგანიზმებთან ბრძოლა

ფაზის დასასრულს წარმოებს ადრეული ჯიშების კრეფა.

მეექვსე ბიოლოგიური ფაზა – სიმწიფე და ფოთოლცვენა. ეს ბიოლოგიური ფაზა იწყება ყურძნის ფიზიოლოგიური დამწიფებით. ამ დროს ჩერდება ვაზის  ვეგეტატიური ნაწილების ზრდის პროცესები.

ეს ფაზა 35-45 დღე გრძელდება. ფოთოლცვენა იწყება ნოემბრის პირველი ნახევრიდან და დეკემბრამდე გრძელდება.

ვენახის საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა. ცნობილია, რომ ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად, ჩვეულებრივი წესით შეტანისას, შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა:

  • აზოტი – 5,6 კგ. (მოქმედი ნივთიერება);
  • ფოსფორი – 5,27 კგ. (მოქმედი ნივთიერება);
  • კალიუმი – 13,0 კგ. (მოქმედი ნივთიერება).

წვეთოვანი მორწყვის სისტემის არსებობის შემთხვევაში კი საჭიროა:

  • აზოტი – 5,14კგ. (მოქმედინივთიერება);
  • ფოსფორი – 3,73 კგ. (მოქმედი ნივთიერება);
  • კალიუმი – 10,0 კგ (მოქმედი ნივთიერება).

წვეთოვანი მორწყვისას სასუქების შეტანა ვეგეტაციის პერიოდში პერიოდულად მიმდინარეობს მორწყვის პარალელურად.

ვეგეტაციის პერიოდში მაღალეფექტურია 2-3 ჯერადი ფოთლოვანი გამოკვება მიკრო და მაკროელემენტების შემცველი სასუქებით.

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრ. #4-ში მოცემულია ვაზის გამოკვების ზოგადი საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 10,0 ტონა მოსავლის მისაღებად სასუქების ჩვეულებრივი (არა წვეთოვანი სისტემით) შეტანის მეთოდით.

ცხრ. #4

საკვები ნივთიერებაშეტანის ნორმა*შეტანის ვადა
       N – აზოტი56,0 კგ2/3 ადრე გაზაფხულზე, 1/3 ყვავილობს დაწყების წინ
      P- ფოსფორი53,0 კგნიადაგის საშემოდგომო დამუშავებისას
     K- კალიუმი                      130,0 კგ         ნიადაგის საშემოდგომო დამუშავებისას

*ზუსტი ნორმის დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ვენახის მორწყვა.  ვაზი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია შეთვალებისას და სიმწიფის დასაწყისში.  მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

მორწყვა წვეთოვანი სისტემით. ერთი მორწყვის ნორმა: 50-70 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 16-20 -ჯერ.

მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის ნორმა: 500-600 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 4-5-ჯერ.

Summary
ვაზის მოვლა აგროწესები, აგროპოსტი, Agropost
Article Name
ვაზის მოვლა აგროწესები, აგროპოსტი, Agropost
Description
ვაზის მოვლა აგროწესები, მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …