ვაზი და მისი ბოტანიკური აღწერილობა

ვაზი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost

ვაზი და მისი ბოტანიკური აღწერილობა. ვაზი მიეკუთვნება  ვაზისებრთა  ოჯახს. იგი  უმთავრესად დედამიწის  თბილი  და  ზომიერი   ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად  მოპოვებული ისტორიული მასალა მიუთითებს, რომ  საქართველოს  თითქმის  ყველა კუთხეში  ყოფილა  განვითარებული  მევენახეობა  ჩვენს  წელთაღრიცხვამდე 4000  წლის წინათ.

ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს  ულვაშებით ანუ პწკალით ემაგრება  აქვს  ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება.  ვაზის ფესვი  წიპწით გამრავლებისას მთავარღერძიანია, მთავარი ფესვის შემდეგ ივითარებს  დამატებით ფესვებს.რქით გამრავლებისას  მუხლის არეში მრავალი ფესვი წარმოიქმნება. შტამბზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები, ანუ მხრები  ერთ წლიანი რქები და ყლორტები.  ფოთლის  ყუნწის  იღლიაში  მოთავსებულია   რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი კვირტებისაგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.

ვაზის ორგანოების აღწერილობა. ვაზის ორგანოებია: ფესვი, შტამბი, ყლორტი, რქა, კვირტი, პწკალი (ულვაში), ფოთოლი, ყვავილედი, ყვავილი, მტევანი, მარცვალი, წიპწა.

ფესვი. ვაზის წიპწით გამრავლებისას მას უვითარდება ერთი მთავარი ფესვი, რომელიც იტოტება რამდენიმე წყება ფესვებად.

პირველადი წყება ფესვებზე წარმოიშობა მეორადი წყება ფესვები უფრო წვრილი განტოტვებით. ამ უკანასკნელზე წარმოიქმნება მესამე წყების მოკლე ფესვები. ისინი ნიადაგში სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან.

მესამე წყების ფესვებზე ვითარდება მეოთხე და ზოგჯერ მეხუთე წყების ფესვები.

ვაზის რქით გამრავლების შემთხვევაში მას თავიდანვე მუხლიდან ჯგუფებად უნვითარდება ფესვთა სისტემა 2-3-5 და მეტი. ამით განსხვავდება იგი თესლიდან განვითარებული ფესვთა სისტემისაგან

ვაზის რქაზე ფესვების განვითარება ხდება მუხლის ზონაში, იშვიათად კი – მუხლთშორისებში.

ნიადაგში მოთავსებულ ვაზის რქაზე ვითარდება 3 სახის ფესვები:

  • ნამის მომხვეჭი ანუ ზედაპირული;
  • შუა ანუ გვერდითი;
  • მთავარი ფესვები.

ზედაპირული ფესვები ვითარდება ნიადაგის ზედაპირთან ახლოს მდებარე რქის მუხლიდან. ჭარბტენიან პირობებში ისინი საკმაოდ კარგ განვითარებას აღწევენ, ხოლო მშრალ პირობებში იჩაგრებიან.

შუა ფესვების განვითარება უფრო ხელსაყრელ პირობებში  მიმდინარეობს ნიადაგის ღრმა ფენებში.

მთავარი ფესვების განვითარება უფრო ხელსაყრელ პირობებში ხდება ისინი საერთოდ არ განიცდიან არახელსაყრელი პირობების გავლენას.

ვაზის ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა მთლიანად არის დამოკიდებული ფესვთა სისტემის განვითარებაზე. რაც უფრო ძლიერია ფესვთა სისტემა, მით უფრო ძლიერია ვაზი.

შტამბი (ტანი). ვაზი მხვიარა (ლიანა) მცენარეა. იგი თავისი განვითარებისთვის საჭიროებს საყრდენზე დამაგრებას.

თავისუფალ პირობებში აღზრდილი ვაზი 15-20 და მეტი სიმაღლეზე ვითარდება. იგი მასთან ახლოს მდგარ მცენარეს ულვაშით (პწკალით) ემაგრება.

კულტურულ პირობებში ჩაყენებული ვაზის განვითარება შედარებით შეზღუდულია. საჭირო ოპერაციების ადვილად ჩატარების გამო მისი შტამბის სიმაღლე 80 სმ-ს არ აღემატება.

ვაზის შტამბზე განვითარებულია: მხარი, ტოტი, რქა და ყლორტი.

  • მხარი – ვაზის შტამბზეა (ტანი) დამაგრებული;
  • ტოტი –  მხარზე უფრო ახალგაზრდა ნაწილია;
  • რქა –   ვაზის ერთწლიანი ნაზარდია;
  • ყლორტი – ვაზზე წარმოიშობა სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისიდან რქაზე ან ძველ ნაწილებზე არსებული კვირტებიდან.

ახალგაზრდა ყლორტებზე ვითარდება: ფოთლები, კვირტები, პწკალები, ნამხრევები, ყვავილედი და ყვავილები. ეს უკანასკნელნი შემდგომ მტევნებად და მარცვლებად გარდაიქცევა.

ფოთლები – ისინი ყლორტის ყველა მუხლზე ვითარდება. ახლად წარმოშობილი ფოთლების ზრდა შედარებით შენელებულია. ყლორტის ზრდასთან ერთად შემდეგ წარმოშობილი ფოთლები უფრო ძლიერია და ჯიშისათვის დამახასიათებელ განვითარებას აღწევენ.

ფოთლის იღლიაშია მოთავსებული კვირტები. კვირტის და ფოთლის მოპირდაპირე მხარესაა პწკალი (ულვაში). მისი წარმოქმნა ხდება 3-5 მუხლის შემდეგ და თითო მუხლის გამოტოვებით ვითარდება.

საქართველოში ვაზის სამრეწველო ნარგავები  ზღვის დონიდან 600-700 მეტრამდეა  გავრცელებული, თუმცა ზოგიერთ მაღალმთიან რაიონებში იგი 800-1200 მეტრ სიმაღლემდე აღწევს. სავეგეტაციო პერიოდი წვენის მოძრაობის დაწყებიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე  200-240  დღეს  შეადგენს  და განსხვავებულია, როგორც აღმოსავლეთით  ისე  დასავლეთ საქართველოში რაიონები ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით. მეტად საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი 95-120 დღეა, ხოლო მეტად  საგვიანო ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი (ოჯალეში, ჩხავერი) 210-220 დღეა. 

ვაზი დაუბრკოლებრივ ვითარდება  ისეთ  ნიადაგებზეც კი, სადაც მთელი რიგი  სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება შეუძლებელია, ან მცირე ეფექტის  მომცემია (საკმაოდ ან მეტად დაფერდებული  ციცაბო ადგილები)  ხირხატი და ქვიანი ნიადაგები, სილნარი და სხვ. ვაზის ზრდა  8°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე არ მიმდინარეობს. 25-30°C- ის  იგი  ინტენსიურად ვითარდება, ხოლო 40°C-ზე მეტი ტემპერატურის პირობებში მისი  განვითარება ფერხდება და მწვანე ნაწილების არუჯვის გამო საბოლოოდ ჩერდება.

ვაზის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობაა 230-260 დღე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი კი  ესაჭიროება 3000°C-მდე. ვაზი ყინვებს 15-18°C-მდე იტანს, ზოგიერთი ჯიში კი 30°C-მდეც უძლებს (იზაბელა). ვაზი მეზოფიტ მცენარეთა ჯგუფს ეკუთვნის, მაგრამ გვალვიან ადგილებში, სადაც ნალექის წლიური რაოდენობა 400 მილიმეტრამდეა ვენახის მორწყვა  აუცილებელი აგროტექნიკური ღონისძიებაა.

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია ვაზის მოკლე ბოტანიკური აღწერილობა და ის ძირითადი აგროკლიმატური პარამეტრები, რაც სჭირდება ამ კულტურას ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

ლათინური დასახელება Vitis vinifera l.
ბოტანიკური ოჯახი ვაზისებრთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა 130-150 წელი და მეტი
საექსპლუატაციო პერიოდი50-60 წელი და მეტი
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 25-30°С
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 65-70 %
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 80-85 %
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა მოსავლის აღების პერიოდში70%
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH 6,0-7,5
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი -15 °С-დან
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი ყლორტებისათვის-1°С
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი 40-45°С
Summary
ვაზი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost
Article Name
ვაზი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost
Description
ვაზი და მისი ბოტანიკური აღწერილობა. ვაზი მიეკუთვნება ვაზისებრთა ოჯახს. ვაზის ორგანოებია: ფესვი, ყლორტი, კვირტი, პწკალი, ფოთოლი, ყვავილი, მტევანი, მარცვალი ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …