თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი შებარვა, ან აჩეჩვა, რის პარალელურადაც შეაქვთ ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები. ასევე მნიშვნელოვანია ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ – ნიადაგი სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იქნას შენარჩუნებული.

ნიადაგის განოყიერება თხილის ბაღში. თხილის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით. პირველი ოთხი წლის განმავლობაში სასურველია ორგანული სასუქების შეტანა 10-15 კგ-ის ოდენობით ერთ ძირზე. ორგანული სასუქების შეტანა საჭიროა გაგრძელდეს მომდევნო წლებშიც, იცვლება მხოლოდ შესატანი ორგანული სასუქების დოზები: 4-დან 6 წლამდე ასაკის ბაღებში საჭიროა შეტანილი იქნას 15-20 კგ. ორგანული სასუქი ერთ ძირზე, ხოლო 6-დან 8წლამდე ასაკის ბაღებში კი საჭიროა 20-30 კგ. ორგანული სასუქების შეტანა ერთ ძირზე.

მინერალური სასუქებიდან კი საორიენტაციოდ, 2-3 წელიწადში ერთხელ საჭიროა თხილი ბაღში შეტანილი იქნას 120 კგ/ჰა. აზოტი, 90 კგ/ჰა. ფოსფორი და 60 კგ/ჰა. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:

  • აზოტი N— აპრილი-ივნისი.
  • ფოსფორი— ნოემბერი მარტი.
  • კალიუმი— დეკემბერი თებერვალი.

ზემოთ მოცემული დოზების დაანგარიშებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

I – სასუქების დოზები დაანგარიშებულია მხოლოდ მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების კოეფიციენტის გათვალისწინებით და შესაბამისად მოცემული ციფრები არ ასახავს და არ მოიცავს უშუალოდ კონკრეტულ ნიადაგში არსებულ საკვებ ნივთიერებათა რაოდენობებს. აქედან გამომდინარე სასუქების ზუსტი დოზების დასაანგარიშებლად აუცილებელია ნაკვეთის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება.

II – დოზებში მოცემულია სუფთა ნივთიერებების რაოდენობები, ანუ წონები. შესაბამისად, საჭიროა სხვადასხვა სავაჭრო დასახელების აგროქიმიკატების იმ რაოდენობებით დაანგარიშება, რომ მათ შემცველობაში არსებული სუფთა ნივთიერებები რაოდენობრივი თვალსაზრისით გაუტოლდეს ზემოთ მოცემულ რიცხვებს. ანუ 60 კგ. სუფთა ნივთიერება აზოტის შესატანად საჭიროა კონკრეტული სავაჭრო დასახელების აგროქიმიკატის იმ რაოდენობით შეტანა, რაც უზრუნველყოფს ნიადაგში 60 კგ. აზოტის მოხვედრას. ეს დამოკიდებულია აგროქიმიკატში სუფთა ნივთიერება – აზოტის პროცენტულ შემცველობაზე.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით

ვარჯის ფორმირება. თხილი ბუნებრივ პირობებში ტიპიური ბუჩქია, რომელიც გამოირჩევა ღეროებისა და ამონაყრების უხვი წარმოქმნის უნარით. სრულასაკოვანი თხილის პლანტაციაში ვარჯის შეერთება ხდება. ისინი წარმოქმნიან სრულ კარავს, რომელშიც შეზღუდულია სინათლის სხივის შეღწევა რიგთაშორისებში, შესაბამისად გართულებულია აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებაც. აგროტექნიკური ღონისძიებების გარეშე თხილის ბაღები საბოლოოდ გადაიქცევიან გაუვალ-გადამხმარ პლანტაციად.

თხილის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ინტენსიური განათება და სინათლის რეჟიმის რეგულირება. იგი პირველ ყოვლისა საჭიროა პროდუქტიული ფოტოსინთეზისათვის, (რაზეც გავლენას ახდენს გეოგრაფიული რელიეფი, მცენარეთა დგომის სიხშირე-გაადგილება, ჯიშების ბიოლოგიური თავისებურება) ოპტიმალური განათება ხელს უწყობს გამონასკვას, ნასკვების შენარჩუნებას, ნორმალური და ჯანსაღი ფოთლების განვითარებას. დაკვირვებული ფერმერი  ყოველთვის შენიშნავს, რომ პლანტაციის განაპირა განათებული და პლანტაციის შიგნითა ლიდერი ტოტები ყოველთვის რეგულარულად უხვმოსავლიანობითა და მსხვილი ნაყოფებით ხასიათდებიან. ყოველივე ამის გათვალისწინება აუცილებელია მცენარის ვარჯის მოვლისა და გასხვლისას, რათა არ მოხდეს ტოტების ჩახშირება, რაც ხელს უშლის თხილის ბუჩქის ნორმალურ აერაციას და განათებას.

მაღალხარისხოვანი, რეგულარული მოსავლის მისაღებად თხილის სამრეწველო ბაღში სხვლა-ფორმირების სამუშაოების ჩატარება მოიცავს სუსტი, დაკნინებული, დაავადებული და მექანიკურად დაზიანებული დედატოტების მოცილებას და ვარჯის გამოხშირვას ამასთან ერთად მათ დამუშავებას ბაღის მალამოთი, რომელიც იცავს მათ გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან (გამოშრობა, ტენი, მწერები, მიკროორგანიზმები).

თხილის სხვლა-ფორმირება მიმართულია სინთეზური ნივთიერებების გაზრდისათვის, რომელიც ხმარდება სანაყოფე-გენერაციული ორგანოების განვითარებას, ფორმირებულ ვარჯში რეპროდუქციული ორგანოების ნორმალური განვითარება განაპირობებს მაღალმოსავლიანობას. ამასთანავე ნარგავების სხვლა-ფორმირების მიზანია ვარჯის განვითარების ხელშეწყობა, სრულ მსხმოიარობაში შესვლის დაჩქარება, დედატოტების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა.

თხილის ბაღებში ნარგავების ფორმირებას უკვე მესამე წლიდან იწყებენ იმ მიზნით, რომ სრულმსხმოიარობაში შესვლისას ბუჩქში შტამბების რაოდენობა, ლიდერი ტოტების სახით 8-10-ს არ აღემატებოდეს. მცენარის ვარჯის სიდიდეზე, მის პროდუქტიულობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დედატოტების რაოდენობა სერიოზულ გავლენას ახდენს.

გაახალგაზრდავება. პლანტაციების გაახალგაზრდავების და მოსავლიანობის გადიდების ძირითადი მიზანია, ბუჩქის სასარგებლო ფართობის ზღვრული სიდიდის შენარჩუნება, ძველი, მცირე მოსავლიანი, დახავსებული ტოტების მოშორება და ახალი უფრო პროდუქტიული ტოტების დატოვება. ამიტომ ბაღის პროდუქტიულობის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა ბუჩქის ვარჯის მთლიანი, ნაწილობრივი ან თანდათანობითი გაახალგაზრდავება.

თხილი კარგად მსხმოიარობს 15-20 წლის განმავლობაში. 25 წლის შემდეგ ბაღები ხანდაზმული ხდება, კნინდება ბუჩქები, კლებულობს მოსავალი, ამიტომ საჭიროა მისი გაახალგაზრდავება.

თხილის ბუჩქზე ამონაყარი ყლორტების მოჭრა უნდა წარმოებდეს ყოველწლიურად. უნდა მოიჭრას ყველა, გარდა იმ ტოტებისა, რომელიც საჭიროა ძველი შტამბების შესაცვლელად. მიზანშეწონილია ბუჩქზე დატოვებული იქნას 5-6 შტამბი მსხმოიარობისათვის და 2-3 შესაცვლელად. იმდენად, რამდენადაც თხილის ღეროთა სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია, ამიტომაც ერთ-ერთ უმთავრეს აგროტექნიკურ ღონისძიებად მიიჩნევა ამ კულტურის ბუჩქის გაახალგაზრდავება გამოხშირვითა და გასხვლის შეთანაწყობით.

პირველი სავეგეტაციო პერიოდის გავლის შემდეგ ბუჩქებში ამონაყარი ტოტებიდან გამოირჩევა 8-10 ლიდერი ტოტი, დარჩენილი ტოტები ბაღის სეკატორით ამოიჭრება. მეორე მესამე წელს ბუჩქები ხელახლა გაიწმინდება ახალი ამონაყრებისაგან და ადრე დატოვებული ლიდერი ტოტებისაგან იმ ანგარიშით, რომ ბუჩქში საბოლოოდ დარჩეს 8-10 შემცვლელი ახაგაზრდა ტოტი, რომელიც შესანიშნავ მასალას წარმოადგენს მცენარის სტადიურად განახლებისათვის ხნიერი შტამბების გამოჭრის შემდეგ. დატოვებულ ახალგაზრდა ამონაყრებზე პირველი მცირე მოსავალი გამოჭრიდან მეორე წელსვე აღინიშნება. გამოჭრიდან მესამე წელს კი (მაღალი აგროტექნიკური ფონის პირობებში) მოსავლიანობაში შედის ტოტების 70-75%, ხოლო მეოთხე, მეხუთე წელს ყველა ახალგაზრდა ამონაყარი. ამის შემდეგ უნდა ამოიჩეხოს ადრე დატოვებული ხნიერი შტამბები. ასე თანდათანობითი გაახალგაზრდავებით, მეექვსე წლიდან მიიღება თხილის განახლებული, სრულმოსავლიანი ბაღი, სადაც გარდა მოსავლიანობის ზრდისა, აღინიშნება ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ტენდენციაც. თხილის ბაღების გაახალგაზრდავების აღნიშნული ციკლი სასურველია განმეორდეს ყველა 20-25 წელიწადში ერთხელ.

ამონაყრების კონტროლი. თხილის, როგორც ბუჩქადმოზარდი კულტურის ბიოლოგიური თავისებურებაა სრულმსხმოიარობის ასაკამდე ამონაყრების ინტენსიური განვითარების უნარი; თხილის დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ იწყება ფესვის ამონაყრების მასიური წარმოქმნა, დიდი რაოდენობით განვითარებული ამონაყარი იჭრება ვარჯში, იწვევს ჩახშირებას, ასუსტებს დედატოტს,იქმნება პირობები მავნებელ-დაავადებათა განვი- თარებისთვის, გაძნელებულია მცენარის მოვლის სამუშაოების ჩატარება, შეზღუდულია ჰაერაცია და განათება. სინათლე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ფაქტორია მცენარისათვის, რომლის წყაროს მზის სხივური ენერგია წარმოადგენს და უშუალოდ მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროცესში. იგი გავლენას ახდენს ტრანსპირაციაზე, კვების ინტენსივობაზე და მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე.

ბევრი ამონაყრის დატოვება ბუჩქში იწვევს კრონის შიგნით ამონაყრების ზედა რიგის რეპროდუქტიული ტოტების ნაადრევ ხმობას. ღეროები ვერ მსხვილდება, ხოლო ყველაზე მეტი წრიული ტოტები აღინიშნება ბუჩქის პერიფერიაზე. თხილის ბაღში ამონაყრების და სარეველა მცენარეთა მიერ იზრდება დანაკარგები მოსავლის აღებისას, შეუძლებელია ტექნიკის ეფექტურად გამოყენება, სუსტდება ნარგაობის განვითარება და მცირდება ბაღის პროდუქტიულობა. ამიტომ აუცილებელია ფესვებზე არსებული მძინარე კვირტებიდან განვითარებული ამონაყარისა და სარეველების წინააღმდეგ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, კერძოდ ამონაყრები გადაიჭრას ფესვის ყელთან ახლოს სავეგეტაციო პერიოდში 2-3-ჯერ, ხოლო სარეველების წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ბრძოლის ქიმიური მეთოდი.

ჯიშის თავისებურებებიდან გამომდინარე, კვების არისა და ნიადაგობრივი პირობების გათვალისწინებით ამონაყარი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ვარჯის ფორმირებაზე, კერძოდ: მისი უარყოფითი გავლენის გამოხატულებაა, რომ პირველ რიგში ართმევს საკვებს მცენარის ძირითად ვარჯს, რაც მოსავლის შემცირების წინაპირობაა. მეორეს მხრივ, მასიურ ამონაყარში ინტენსიურად ვითარდებიან თხილის კულტურის მავნებელ-დაავადებები. თხილის ნარგაობების მაღალი აგროტექნიკური ფონის პირობებში ამონაყრების სრულ იგნორირებას უკეთებენ მთელი სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე. ამონაყრებისაგან განთავისუფლება ხდება მთლიანად გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჭიროა ნერგის წარმოება ახალი პლანტაციის გასაშენებლად.      

მორწყვა. თხილი ტენისმოყვარული მცენარეა. ნაკლებად გვალვიანი სეზონის შემთხვევაში იგი მინიმუმ 5-6 ჯერ უნდა მოირწყას. ხოლო გვალვიან პერიოდში თხილი საჭიროებს მორწყვას ყოველ 15-20 დღეში. თხილის მოსარწყავად, იყენებენ როგორც ხელოვნური დაწვიმების სიტემას, ასევე ზედაპირული თვითდინების და წვეთოვანი მორწყვის სისტემებს. მორწყვის სისტემის შერჩევა უნდა მოხერხდეს, არსებულ რელიეფის და წყლის მოწოდების მიხედვით.

ტენიანობის შენარჩუნების მიზნით, მორწყვის შემდეგ საჭიროა ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება და დამულჩვა. მულჩისათვის გამოიყენება როგორც ორგანული, ასევე არაორგანული მასალა. (ტორფი, ნამჯა, დაქუცმაცებული მწვანე მასა, პოლიეთილენი და სხვ.)

თხილის  მოსავლის აღება-შენახვა. თხილს კრეფენ საბურველიდან თესლის გამოსვლამდე. აღებული მოსავალი თავსდება მშრალ შენობაში, სადაც მიმდინარეობს თხილის ფერმენტაცია. მომწიფებული თხილი ადვილად შორდება საბურველს, რის შემდეგადაც მას 2-3 დღით ტოვებენ მზეზე, ინახავენ მშრალ შენობაში ან საცავებში. თხილის ნაყოფი კარგად იტანს შორეულ ტრანსპორტირებას. თხილი არ არის მგრძნობიარე  გაცივების ტემპერატურის მიმართ და ჩვეულებრივ კარგად ინახება გაყინვის ან მასზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი.

მოსავლის აღების შემდეგ   მალევე საჭიროა თხილის გამოშრობა ტენიანობის 10-12%-მდე დასაყვანად, თხილის გულის ტენიანობა უნდა იყოს  6-7%, რათა თავიდან ავიცილოთ ობის წარმოქმნა. ნაჭუჭიანი და მოუხალავი თხილის გულების შენახვა შესაძლებელია 24 თვის განმავლობაში 10°C ტემპერატურამდე ხარისხის მინიმალური დანაკარგით. მოხალული თხილის გულების შენახვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვით 0°C, 5°C ან 10°C ტემპერატურაზე სანამ სიმძაღე იქნება შესამჩნევი. თუმცა, დაბალ ტემპერატურაზე შენახვა  შესაძლოა ეფექტური გამოდგეს სხვა დამცავ ზომებთან ერთად, როგორიცაა ვაკუუმ-შეფუთვა, რაც მოხალული თხილის გულის ვადას 1 წლამდე ან მეტი ხნით გაზრდის.

Summary
თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost
Article Name
თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost
Description
თხილის ბაღი მოვლის წესები, თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღის გაშენების წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის გაშენების წესები

ადგილი თესლბრუნვაში. თხილის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა …