თხილის ბაღის გაშენების წესები

თხილის ბაღის გაშენების წესები, აგროპოსტი, Agropost

ადგილი თესლბრუნვაში. თხილის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ან ჟოლო.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა (pH). თხილი კარგად ვითარდება და მაღალ მოსავალს იძლევა ალუვიურ, თიხნარ, წითელმიწა, უკარბონატო, გაეწრებულ, ეწერლებიან, ტორფიან, ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე. თხილის წარმოებისათვის არახელსაყრელია ქვიშნარი და დაჭაობებული ნიადაგები. ბაღის გაშენებამდე 2-3 თვით ადრე ნიადაგი უნდა მოიხნას, ჩატარდეს მასზე სათოხნი კულტურების, მრავალწლიანი ბალახების, სიდერატების თესვა და ჩახვნა და ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა.

თუ თხილის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა თხილი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა თხილის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელდაავადებების გავრცელების რისკები.

თხილის ბაღის გაშენება რეკომენდებულია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა  მინუს 23°С-მდე არ ეცემა. ბაღი უნდა გაშენდეს დარაიონებული ჯიშებით, ნერგი დამზადდეს აპრობირებული სადედე ბუჩქებიდან.

თხილის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი, ან მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თხილი ტენის მოყვარული მცენარეა და შესაბამისად, სასურველია მისი დარგვა მდინარეების და ხევების პირას.

თხილის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5.5-დან 8.0-მდეა.  

იმ შემთხვევაში, თუ თხილის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის თხილის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება. თხილის ზრდა-განვითარება დიდად არის დამოკიდებული გასაშენებელი ნაკვეთის წინასწარ მომზადებაზე. ბაღის გაშენებამდე 2-3 თვით ადრე ნიადაგი უნდა მოიხნას ღრმად – არა ნაკლებ 50-60 სმ სიღრმეზე და ჩატარდეს მასზე აგროტექნიკით გათვალისწინებული ღონისძიებები: სათოხნი კულტურების, მრავალწლიანი ბალახების, სიდერატების თესვა და ჩახვნა, ორგანული სასუქების შეტანა.

მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დამამტვერიანებელი ჯიშების შერჩევა და განლაგება, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პლანტაციის გაშენების დროს.

ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად. თავდაპირველად თხილის ბაღების გასაშენებლად გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გასუფთავდეს ქვებისაგან, ბუჩქებისაგან. ამის შემდეგ ტარდება ნაკვეთის მოსწორება და პლანტაჟი 60-70 სმ სიღრმეზე. თუ ნაკვეთი ნატყევარია, პირველ ორ წელიწადს უნდა ჩატარდეს ერთწლიანი სიდერატების თესვა-ჩახვნა, მესამე წელს კი შესაძლებელია თხილის ბაღების გაშენება. ნიადაგის ღრმად დამუშავების წინ უნდა შევიტანოთ (მობნევით) ნაკელი, 30-40 ტ/ჰა-ზე. თხილის ბაღის გასაშენებლად ნიადაგის მომზადება იწყება აგვისტოს ბოლოს (პლანტაჟი, ჯვარედინი გადახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაგეგმვა) და მთავრდება ნოემბრის მეორე ნახევარში.

პლანტაჟური ხვნის შემდეგ თხილის დასარგავად გამოყოფილ ნაკვეთს გადახნავენ, მოასწორებენ, ყოფენ უბნებად და დაგეგმავენ. ამოიღებენ 40X40X40 სმ-ის ორმოებს, შეაქვთ ორმოში 8-10კგ. ორგანული სასუქი.

თხილის წარმოებისათვის განსაზღვრული ტერიტორია დაცული, რომ იყოს ქარების უარყოფითი ზემოქმედებისაგან, სასურველია ბაღების გაშენებამდე ორი წლით ადრე მოეწყოს ქარსაფარი ზოლი.

თხილის ბაღის გაშენება

თხილის დარგვის წესები – დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა დარგვამდე 1-2 თვით ადრე მომზადდეს 50-60 სმ. სიღრმის მქონე და 30-35 სმ. სიგანის ორმოები.

ნერგი. დასარგავად ვარგისი ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და უვირუსო.

დარგვის სქემები:                

  • 5×3 (ანუ 5 მეტრი რიგებს შორის და 3 მეტრი მცენარეებს შორის).
  • 5×4 (ანუ 5 მეტრი რიგებს შორის და 4 მეტრი მცენარეებს შორის).
  • 5×5 (ანუ 5 მეტრი რიგებს შორის და 5 მეტრი მცენარეებს შორის).
  • 4×4 (ანუ 4 მეტრი რიგებს შორის და 4 მეტრი მცენარეებს შორის).
  • 4×3 (ანუ 5 მეტრი რიგებს შორის და 3 მეტრი მცენარეებს შორის).

ვაკე ნაკვეთებზე შესაძლებელია მცენარეთა სხვა სიხშირით განლაგებაც. ვაკეზე რიგის მიმართულება ნებისმიერი შეიძლება იყოს, ხოლო ფერდობ ადგილებზე კი რიგებს ჰორიზონტალური მიმართულება უნდა მიეცეთ. ასევე რეკომენდებულია ტერასების მოწყობაც.

დარგვის დრო: შემოდგომა.

დარგვის წესი. ნერგი აუცილებელია, რომ დარგვისთანავე მოირწყას.

ახალგაზრდა ნარგაობის განოყიერება. გაშენებიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში სასურველია ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი) შეტანა 10-15 კგ-ის ოდენობით ერთ ძირზე. ორგანული სასუქების შეტანა საჭიროა გაგრძელდეს მომდევნო წლებშიც, იცვლება მხოლოდ შესატანი ორგანული სასუქების დოზები: 4-დან 6 წლამდე ასაკის ბაღებში საჭიროა შეტანილი იქნას 15-20 კგ. ორგანული სასუქი ერთ ძირზე, ხოლო 6-დან 8 წლამდე ასაკის ბაღებში, კი საჭიროა 20-30 კგ. ორგანული სასუქების შეტანა ერთ ძირზე.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით, რომელიც აუცილებელია რომ ჩატარდეს თხილის პლანტაციის გასაშენებლად განკუთვნილ ნაკვეთში. 

თხილის  ახალგაზრდა პლანტაციის მოვლა. თხილის ახალგაზრდა ბაღებში ნარგავებს შორის, სადაც სიხშირე-გაადგილება სივრცეში, გაშენების წესები, განოყიერება და ექსპლოატაცია რეგულირდება ან მოდიფიცირდება კონკრეტული ჯიშობრივი და ნიადაგობრივ-კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, ნიადაგის დამუშავებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მცენარის საკვები ნივთიერებებით მომარაგებისა და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ეკოლოგიურ ფაქტორებს შორის ნიადაგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმებისთვის. მცენარისთვის იგი წარმოადგანს სუბსტრატს, რომელშიც ვითარდება მიწისქვეშა ნაწილები და იქიდან ღებულობს წყალს, საკვებ ნივთიერებებს.

თხილი ფესვთა სისტემის მიხედვით ზედაპირულად გავრცელებული, ჰორიზონტალური აგებულების ტიპის მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება. სრულმსხმოიარე მცენარის ფესვთა სისტემა ვითარდება ვარჯის პროექციის ფარგლებში, ჰორიზონტალურად 2-2,5 მეტრზე და ვერტიკალურად 1 მეტრამდე. ფესვთა სისტემის ძირითადი მასა განლაგებულია ჰორიზონტალურად მცენარის ფესვის ყელიდან 1 მეტრის რადიუსში ხოლო ვერტიკალურად 0,5 მეტრის ფარგლებში. მცენარის ამ თავისებურებათა გათვალისწინებით თხილის ბაღების რიგთაშორისებში ნიადაგის დამუშავების წესს და სიღრმეს ფრთხილად უნდა მიუდგეთ. დადგენილია, რომ ბაღის გაშენების პირველ წელს რიგთაშორისებში, ნიადაგის ნებისმიერი შედგენილობისას, ფესვთა სისტემა სარგავი ორმოს ფარგლებში ვითარდება და ამიტომ რიგთაშორისები შეიძლება დამუშავებული იქნეს ნებისმიერ სიღრმეზე, მთლიანად ფესვთა სისტემა საბოლოოდ მხოლოდ მერვე წელს ფორმირდება, რაც ნიადაგის დამუშავების მეთოდის განსაკუთრებულ შერჩევას მოითხოვს, რათა სერიოზული ტრამვა არ მიადგეს რიგთაშორისების მთელ უბანზე გავრცელებულ ზედაპირულ ფესვთა სისტემას.

Summary
თხილის ბაღი გაშენების წესები, აგროპოსტი, Agropost
Article Name
თხილის ბაღი გაშენების წესები, აგროპოსტი, Agropost
Description
თხილის ბაღი გაშენების წესები, თხილის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ან ჟოლო ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …