შვიტა მინდვრის სამკურნალო მცენარე

შვიტა მინდვრის სამკურნალო მცენარე, აგროპოსტი, Agropost

შვიტა (ლათ. Equisetum arvence L.) შვიტასებრთა ოჯახს ეკუთვნის. აჭარაში მას ეძახიან ნაძვბალახას, ზემო იმერეთში ცხენის ბუას), მრავალწლიანი ფესურიანი ბალახია. მისი  მოყავისფრო დამუხლული ფესურა გრძელი და მხოხავია, ხშირად მრგვალი კოჟრებით (ეს კოჟრები იჭმება, განსაკუთრებით შემწვარი), თავისი გემოთი რამდენადმე კარტოფილს მოგვაგონებს.

ღერო ორგვარია – გენერაციული და ვეგეტაციური.

გენერაციული ღეროები ადრე გაზაფხულზე ამოდის წვერზე ცილინდრული სპორანგიუმით. ეს ღერო მარტივია (ე. ი. დატოტვილი არაა) რუხი – მოყავისფრო, 25 სმ – მდე სიმაღლის, მთელ სიმაღლეზე წვრილად დაღარული, ვაგინისებრი საბურველებით. ვეგეტაციური ღერო უფრო გვიან ამოდის დაღარული ღეროთი, რომელიც თითქმის მიწის პირიდანვე რგოლური დატოტვით ხასიათდება 10 – 15 სმ სიმაღლით, ტოტების რაოდენობა თითოეულ რგოლში 6 – 18 ცალის ფარგლებში ზეაღმართულნი არიან და ღეროს მიმართ მახვილ კუთხეს ქმნიან. თითოეული ტოტი მარტივია (ე. ი. განტოტვილი არაა) და 4 – 5 წიბოიანია. რედუცირებული ფოთლების სახით წარმოდგენილი ვაგინები ღეროზე ცოლინდრულია, 4 – 8  მმ სიგრძის, სამკუთხა – ლანცეტა, შავი მორუხო, 2 – 3 ერთად შეზრდილი, თეთრარშიანი კბილებით. ტოტების ვაგინები 4 – 5 კბილიანია. მრავლდება სპორებით და ფესურის კოჟრებიდან მიღებული ამონაყარით.

სპორები აპრილ – მაისში მწიფდება.

ვეგეტაციური ღეროები და ტოტები 28 პროცენტამდე სილიციუმმჟავას შეიცავს, გარდა ამისა მათში მოიპოვება ალკალოიდები, ფლაონოიდები, საპონონები, კაროტინი, ასკორბინის მჟავა.

გენერატიული ღეროები იჭმება.

მედიცინაში შვიტას ვეგეტაციური ღერო და ტოტები (მიწის ზედა ნაწილები) გამოიყენება. შვიტას პრეპარატები შარდმდენ საშუალებად გამოიყენება არასაკმაო სისხლმიმოქცევით გამოწვეული შეშუპების დროს, აგრეთვე საშარდე ბუშტისა და შარდსადინარების ანთებითი პროცესების და პლევრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, მას ხმარობენ საშვილოსნოდან და ბუასილის დროს სისხლის დენის შესაჩერებლად.

აღსანიშნავია, რომ შვიტას უფრო გამოხატული დიურეტული თვისება გააჩნია დიურეტინთან და თირკმლის ჩაისთან შედარებით. იგი ორგანიზმიდან გამოდევნის ტყვიას, ამიტომ შესაძლოა რეკომენდირებული იქნას ტყვიით მოწამვლისას. თანმხლები გართულებები მას არ ახასიათებს, იღებენ გულის ქრონიკული უკმარისობის დროს როგორც მარტო შვიტას, ასევე სხვა დიურეტულ საშუალებებთან კომპლექსში ( კალიუმის აცეტატი, თირკმლის ჩაი, ყურძნის წვენი), აგრეთვე საგულე გლიკოზიდებთან ერთად, შარდსადინარების დაავადებებისას (ცისტიტები, უროთრიტები) დათვიყურას ნახარშთან ერთად პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ ტყვიით ქრონიკული და მწვავე მოწამვლის დროს, საშვილოსნოდან და ბუასილური სისხლდენის დროს.

შვიტას წვენი და ნაყენი გამოცდილი იქნა ქართველი მკვლევარების მიერ (ვ. გერსამია), როგორც დიურეტული საშუალება. წვენს უნიშნავდნენ ავადმყოფებს, რომელთაც გულის უკმარობის ნიადაგზე გამოწვეული შეშუპება ჰქონდათ, 15 მლ დღეში სამჯერ, რის შედეგადაც დიურეზის მომატება აღინიშნა, თანდათან ძლიერდებოდა და მაქსიმუმს პრეპარატის მიღებიდან მესამე – მეოთხე დღეს მიაღწია. პრეპარატის მოხსნიდან მეორე –  მესამე დღეს შარდის გამოყოფა მცირდებოდა.

შვიტას ნაყენის (15 გ შვიტას ბალახი 180 მლ წყალზე) ყოველ ორ საათში თითო სუფრის კოვზით მიღებამ დიურეზის გაძლიერება გამოიწვია. ამ მონაცემების ბაზაზე ვ. გერსამია შვიტას ფართოდ გამოყენების რეკომენდაცას იძლევა, როგორც არატოქსიკური და უვნებელი საშუალებისა, რომლისთვისაც დამახასიათებელი არაა თანმხლები გართულებები, ე. წ. გვერდითი მოვლენები, როგორც ამას პროფესიონალი ექიმები უწოდებდნენ.

სხვა ავტორთა მონაცემების მიხედვით შვიტა თირკმლების გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ მისი გამოყენება ყოველთვის უსაფრთხო არაა ნეფრიტის დროს შესაძლოა თირკმლების გაღიზიანება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში შვიტას გამოყენება მიზანშეუწონელია.

შვიტას ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: ბალახს აქუცმაცებენ არა უმეტეს 3 მმ სიგრძის ნაჭრებად, ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს 1:10 შეფარდებით, ადუღებენ 30 წუთი ნელი დუღილით, აგრილებენ 10 წუთს, ფილტრავენ (წურავენ), ბალახის ნარჩენ მასასაც ხელით წურავენ.

შვიტას წყლით გამონაწვლილს 4 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბალახი 2 ჭიქა მდუღარე წყალზე, გამონაწვლილის კარგად გამოცემის შემდეგ მას სვამენ ერთი დღის განმავლობაში. შვიტას ექსტრატს თითო ჩაის კოვზს დღეში 2 – 3 – ჯერ სვამენ.

მ. ა. ნოსალისა და ი. მ. ნოსალის (1960) აღწერით უკრაინის ხალხური მედიცინა შვიტას ძალიან პოპულარულ საშუალებად მიიჩნევს, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის მკურნალობაში. შვიტას ნახარშს (30 გ ხმელი შვიტა 1 ჭიქა წყალზე, სვამენ დღეში 2 – 3 ჭიქას) ხალხის რწმენით თირკმლის კენჭის დაშლის თვისება გააჩნია, ამცირებს ტკივილებს საშარდე ბუშტის არეში და ცილების რაოდენობას შარდში, შარდსადინარებს წმენდს ყოველგვარი დანალექებისაგან, შვიტა იმ ნარევების აუცილებელ კომპონენტად მიაჩნიათ, რომელთაც იყენებენ ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის, აგრეთვე შეშუპება თანმხლებ დაავადებების სამკურნალოდ.

შვიტა სხვადასხვა ბალახნარევებში:

  1. მტკივნეული შარდვისას სვამენ თანაბარი რაოდენობით აღებულ შვიტასა და სააფთიაქო გვირილას ცხელ ნახარშს დღეში 3 ჭიქას.
  2. საშარდე ბუშტის სპაზმების დროს ყლუპყლუპობით, მაგრამ ხშირ – ხშირად სვამენ თანაბარი რაოდენობით შერეული შვიტას ბალახისა და ღიღილოს ყვავილების ცხელ ნახარშს. ამავე დროს ბუშტის არეში მასაჟებს იკეთებენ, ამის შემდეგ მუცლის ქვედა არეში იდებენ ცხელი ორთქლით დაორთქლილი შვიტათი ავსებულ თხელი მატერიის ტომსიკას.

ვ.გ მინაევას (1970) მიხედვით ხალხური მედიცინა, ჩვეულებრივ, შვიტას ნაყენს სვამს ( 20 გ. ერთ ჭიქა წყალზე).

ამ დოზას იღებენ ერთი დღის განმავლობაში. გარდა ამისა იყენებენ ექტრაქტს შარდმდენი ჩაის სახით. შვიტა ეფექტური სისხლშემადედებელი საშუალებაა ფილტვებიდან, საშვილოსნოდან, თირკმლებიდან, ცხვირიდან და ბუასილური სისხლდენის დროს (გოუბერგრიცი, სოლომჩენკო, 1968).

ზოგი ექიმი აღნიშნავს შვიტას კარგ მოქმედებას ჭაბუკებში ფილტვის ტუბერკულოზის საწყისს ფორმაში (ტომილინი, 1959).

ღამით ბავშვებისაგან შარდშეუკავებლობის შემთხვევაში ხმარობენ შვიტასა და კრაზანას ბალახნარევის წყლიან გამონაწვლილს (ვ. გ. მინაევა, 1970).

ბულგარეთის მედიცინაში აღიარებულია, რომ შვიტას კუჭშემკვრელი, გუმოსტატიკური, შარდმდენი და ჩირქსაწინააღმდეგო თვისება გააჩნია. სვამენ ფილტვების ანთების (ტუბერკულოზი) დროს როგორც დამხმარე საშუალებას კლინიკური მკურნალობის პერიოდში და საშარდე ორგანოების დაავადებებისას.

 დასალევად გამოყენება შვიტას წყლიანი გამონაწვლილი: 4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული შვიტა ორ ჭიქა მდუღარე წყალზე (ორი დღის დოზა); სვამენ ყლუპყლუპობით. ბულგარეთშიც მიაჩნიათ, რომ თირკმლების ანთების დროს შვიტას გამოყენება საზიანოა (დ. იორდანოვი, პ. ნიკოლოვი, ა. ბოიჩინოვი, 1968).

შვიტას მატყლის ყვითლად და მწვანედ შესაღებადაც იყენებს ხალხი.

Summary
შვიტა მინდვრის სამკურნალო მცენარე, აგროპოსტი, Agropost
Article Name
შვიტა მინდვრის სამკურნალო მცენარე, აგროპოსტი, Agropost
Description
შვიტა მინდვრის სამკურნალო მცენარე. შვიტა (ლათ. Equisetum arvence L.) შვიტასებრთა ოჯახს ეკუთვნის. აჭარაში მას ეძახიან ნაძვბალახას, ზემო იმერეთში ცხენის ბუას), მრავალწლიანი ფესურიანი ბალახია. მისი მოყავისფრო დამუხლული ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღის გაშენების წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის გაშენების წესები

ადგილი თესლბრუნვაში. თხილის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა …