პომიდორის ძირითადი სოკოვანი დაავადებები – აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები

პომიდორის ძირითადი სოკოვანი დაავადებები - აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები, აგროპოსტი, Agropost

პომიდორის ძირითადი სოკოვანი დაავადებები – აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები

ანთრაქნოზი (გამომწვევი Colletotrichum) 

დაავადების სიმპტომები – ზრდასრული მცენარეების ფესვები იფარება მუქი ფერის ლაქებით, ხდება ქერქის გახევება.

ნაყოფებზე ჩნდება ჩაზნექილი ლაქები, რომლებიც დაავადების განვითარებასთან ერთად იღებს მუქ-ყვითელ შეფერილობას. მოგვიანებით დაზიანებული უბნები შავდება.

დაავადება გაცილებით ძლიერდება დასაწყობებისას, ტრანსპორტირებისას და ხელოვნური დამწიფების პირობებში.

ბრძოლის ღონისძიებები:  

  • ნარჩენების, დაავადებული მცენარეებისა და ნაყოფების მოცილება ნაკვეთიდან;
  • კულტურათა მონაცვლეობა;
  • მოსავლის აღება ოპტიმალურ ვადებში;
  • დასაწყობების და შენახვის პირობების დაცვა;
  • სწორი რწყვის რეჟიმი;
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

ალტერნარიოზი (გამომწვევი – Alternaria solani)         

დაავადების სიმპტომები – ფოთლების დაზიანებისას სიმპტომები თავდაპირველად თვალსაჩინოა ხნიერ ფოთლებზე. მათზე ჩნდება 5-7 მმ. დიამეტრიანი მუქი ყავისფერი ან შავი ლაქები. ხშირად თითოეული ლაქის ირგვლივ ვიწრო ყვითელი არშიაა, ხოლო დაზიანებები იზღუდება ფოთლის ძარღვებით. ლაქების ზომაში მატების და დაავადების პროგრესირების შედეგად ფოთოლი ყვითლდება და კვდება.

ნაყოფი შესაძლოა დაინფიცირდეს ზრდა-განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ამ დროს მასზე, ისევე როგორც ფოთლებზე, ჩნდება ოდნავ ჩაზნექილი წრიული უფერული ლაქები, რომლებიც იზრდება, უერთდება ერთმანეთს და იქმნება დაზიანებული უბნები.

აღნიშნული სახის დაზიანებები ჩნდება ასევე ჩითილების ღეროს მიწისზედა ნაწილზეც.

ბრძოლის ღონისძიებები:     

  • დაავადებული მცენარეული ნარჩენების მოცილება ნაკვეთებიდან.
  • დაავადებისადმი გამძლე ჯიშების/ჰიბრიდების გამოყენება.
  • მინერალური ელემენტებით გამოკვების სწორი რეჟიმი.
  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება

პომიდვრის კლადოსპორიოზი, ანუ მურა ლაქიანობა (გამომწვევი Cladosporium fulvum)

დაავადების სიმპტომები – პირველი სიმპტომია მცირე ზომის მოყვითალო ლაქების გაჩენა ფოთლის ზედაპირზე.

დროთა განმავლობაში ლაქების რიცხვი მატულობს და იფარება ყავისფერი ხავერდოვანი ფიფქით. ლაქები სწრაფად ვრცელდება, რის შედეგადაც ხშირად მცენარე იღუპება.

დაინფიცირებული ფოთოლი ხდება მოყვითალო ყავისფერი, იხვევა, ჭკნება და თანდათანობით ცვივა. ჭკნობა და ფოთოლცვენა  გრძელდება მანამ, სანამ მთელი მცენარე არ დაიღუპება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • სწორი რწყვის რეჟიმი.
  • ფართობში მცენარეთა სწორი განლაგების უზრუნველყოფა.
  • დაავადებისადმი გამძლე ჯიშების/ჰიბრიდების გამოყენება.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

პომიდვრის სკლეროტინიოზი ანუ თეთრი სიდამპლე (გამომწვევი Sclerotinia libertiana da Sclerotium bataticola)

დაავადების სიმპტომები – დაავადების ძირითადი სიმპტომები მოიცავს თანდათანობით ჭკნობას და ღეროს ლპობას ღრმულების ჩამოყალიბებით.

დაზიანებულ ნაყოფებზე ფორმირდება თეთრი ბუსუსებიანი ნადები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა მთავრდება მცენარის დაღუპვით.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • სწორი რწყვის რეჟიმი.
  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • დაავადებული მცენარეული ნარჩენების მოცილება ნაკვეთებიდან და მათი განადგურება.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

ვერტიცელიოზური ჭკნობა (გამომწვევი Verticillium dahliae

დაავადების სიმპტომები – ხშირად დაავადების თვალსაჩინო სიმპტომები არ შეინიშნება მანამ, სანამ მცენარე არ გაიზრდება ან ცხელი ამინდები არ დადგება. სოკო მცენარეში ბლოკავს წყლისა და საკვები მინერალების მოძრაობას. მცენარის ჭკნობა იწყება ქვედა იარუსის ფოთლებიდან, სადაც ყალიბდება მსხვილი ყვითელი ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში იწვევს ფოთლის სრულ გაყვითლებას და ხმობას.

დაზიანებული მცენარე, როგორც წესი, სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, მაგრამ განუვითარებელია.

ნაყოფი იფერება დროულად, მაგრამ რჩება პატარა და განუვითარებელი.

გადანაჭერის გამტარ ჭურჭლებზე შესაძლებელია ყავისფერი ზოლების დანახვა.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმპტომები მაღალ ტემპერატურაზე სუსტდება, თვალსაჩინო სიმპტომები შესაძლოა უფრო ინტენსიურად აღინიშნებოდეს მაღალი ტემპერატურის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ დაავადებისას წყლის მოძრაობა მცენარეში ფერხდება გამტარი ჭურჭლების ადრეული ზრდის პერიოდში დაზიანების შედეგად.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა (ფართობზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა იწარმოებოდეს მინიმუმ 4-6 წლის განმავლობაში).
  • დაავადებული მცენარეული ნარჩენების მოცილება ნაკვეთებიდან და მათი განადგურება.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • მორწყვის სწორი რეჟიმი.

პომიდორის ფიტოფტორა (გამომწვევი Phytophthora infestants)

დაავადების სიმპტომები ფოთლების დაზიანებისას უპირატესად ფოთლის ფირფიტის ნაპირებში ყალიბდება ღია მწვანე წყლიანი ლაქები, ირგვლივ ღია ყვითელი გარსით, რომელიც დაავადებულ ქსოვილს საღი ქსოვილისგან გამოყოფს. ლაქები სწრაფად იზრდება და იღებს მუქ ყავისფერ და მოშავო შეფერილობას. მაღალი ტენიანობისაგან ფოთლის დასველების პირობებში ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეზე ხშირად ყალიბდება თეთრი ნადები.

დაავადებული მცენარის ქსოვილები იღებს მოყავისფროდან შავში გარდამავალ შეფერილობას. დაავადების შედეგად მთელი მცენარე იღუპება ტენიანი ამინდების დადგომისთანავე.

დაავადება შესაძლოა განვითარდეს მწვანე პომიდვრის ნაყოფებზეც. ამ დროს მათზე ჩნდება დიდი ზომის ყავისფერი ლაქები, რომლებიც ხშირად კონცენტრირებულია ნაყოფის ზედაპირის ზედა უბნებზე.

ჰაერის მაღალი ტენიანობისას დაზიანებული ნაყოფების ზედაპირზე შეინიშნება სუსტად განვითარებული თეთრი ნადები – სოკოს მიცელიუმი. ამას შესაძლებელია თან სდევდეს სიდამპლის გამომწვევი მეორეული ბაქტერიების გავრცელება მცენარეზე, რის შედეგადაც ნაყოფი იწყებს ლპობას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა (ფართობზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა იწარმოებოდეს მინიმუმ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში).
  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
  • ტენით უზრუნველყოფის ოპტიმალური რეჟიმი.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

ფუზარიოზული ჭკნობა (გამომწვევი – Fusarium oxysporum f. sp. Lycopersici).   

დაავადების სიმპტომები – დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება ცალკეულ ფოთლებზე, რომლებიც ჭკნება და ცვივა. დაავადება ვითარდება ასევე იწყებს განვითარებას ღეროს შიგთავსში, მცენარეებს აღენიშნებათ სიყვითლის პროგრესული პროცესი და ჭკნობა, რაც, ჩვეულებრივ, იწყება მცენარის ქვედა იარუსებიდან. გაყვითლებული და დამჭკნარი ფოთლები ადრეულად ცვივა.

დაავადებული ჩითილები წყვეტენ ზრდას. ხნიერი ფოთლები იხვევა და ცვივა. მცენარე კი იღუპება. ნაყოფის დაზიანებისას შიგთავსი იღებს მოყავისფრო შეფერილობას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • საღი სათესლე/სარგავი მასალის გამოყენება.
  • დაავადებისადმი გამძლე ჯიშების/ჰიბრიდების წარმოება.
  • დაავადებული მცენარეების მოცილება და განადგურება.
  • კულტურათა მონაცვლეობა (ფართობზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა იწარმოებოდეს მინიმუმ მინიმუმ 4 წლის განმავლობაში).

პომიდორის სეპტორიოზი (გამომწვევი Septoria lycopersici)

დაავადების სიმპტომები სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს ფოთლებსა და ღეროზე მცენარის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა ისინი შესამჩნევია ძირითადად ნაყოფის გამონასკვის სტადიაზე. ამ დროს ფოთოლზე ჩნდება წყლიანი მცირე ზომის წრიული ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქები იზრდება და მათი დიამეტრი აღწევს 2-5 მმ-ს. ლაქებს აქვთ მუქი საზღვრები და ღია ფერის ცენტრი.

წვიმიან და ცხელ ამინდში დაავადება სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდა ფოთლებზეც. როდესაც ფოთლები ძლიერადაა დაინფიცირებული, ისინი თანდათან ცვივა, გაშიშვლებული ნაყოფები კი ადვილად ზიანდება მზისაგან. დაზიანებული მცენარე ივითარებს ნაყოფს, რომელიც ნაადრევად წითლდება და ნაკლებად შეიცავს შაქარს. დაავადების გამომწვევები შესაძლოა განვითარდნენ სხვადასხვა სახეობის სარეველებზე.                                                     

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა (ფართობზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა იწარმოებოდეს მინიმუმ მინიმუმ 4 წლის განმავლობაში).
  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

პომიდორის ნაცარი (გამომწვევი Leveillula taurica  and Erysiphe cichoracearum)

დაავადების სიმპტომები – ფოთლის ზედაპირზე ჩნდება ღია მწვანიდან ყვითელ შეფერილობაში გარდამავალი ლაქები. ამ ლაქებს, როგორც წესი, არ აქვთ მკვეთრად გამოხატული საზღვრები, დროთა განმავლობაში ფოთლებზე ვითარდება თეთრი ფერის ნადები, რომელიც მთავარი მახასიათებელია პომიდვრის ნაცრისათვის.

პომიდვრის ნაცარი გაცილებით აგრესიულია სხვა კულტურების ნაცართან შედარებით. როდესაც ფოთოლი ინფიცირდება, ის სწრაფად იღებს ნაცრისფერ შეფერილობას და მცენარეზევე ჭკნება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • მცენარეთა ოპტიმალური კვების არეების დაცვა;
  • დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება;
  • ნაცრისადმი გამძლე პომიდორის ჯიშების/ჰიბრიდების წარმოება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
Summary
პომიდორის ძირითადი სოკოვანი დაავადებები - აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები, აგროპოსტი, Agropost
Article Name
პომიდორის ძირითადი სოკოვანი დაავადებები - აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები, აგროპოსტი, Agropost
Description
პომიდორის ძირითადი სოკოვანი დაავადებები - აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები. ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი, პომიდვრის კლადოსპორიოზი, ანუ მურა ლაქიანობა, პომიდვრის სკლეროტინიოზი ანუ თეთრი სიდამპლე, ვერტიცელიოზური ჭკნობა, პომიდორის ფიტოფტორა, ფუზარიოზული ჭკნობა ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …