პომიდორი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები

პომიდორი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები, აგროპოსტი, Agropost

პომიდორი იწარმოება როგორც ღია გრუნტში პირდაპირი თესვით, ასევე ჩითილის გამოყვანის მეთოდით.

უშუალოდ ღია გრუნტში დათესვისას პომიდორი ითესება მწკრივად, სათესი მანქანებით. მწკრივთა შორის 75-80 სმ-ის, ხოლო მცენარეებს შორის 25-30 სმ-ის დაშორებით.

ძლიერად მოზარდი ჯიშები და ჰიბრიდები უფრო დიდ კვების არეზე ითესება (მწკრივთა შორის 1,2-1,5მ. და მცენარეთა შორის 30 სმ). ღია გრუნტში პომიდორი შესაძლებელია დაითესოს ბუდობრივადაც – ბუდნებს შორის 70X70 სმ დაშორებით. ბუდნაში დარჩება 1-2 კარგად განვითარებული მცენარე.

ღია გრუნტში დათესვისას 1 ჰა-ზე 1,5-2,0 კგ თესლია საჭირო. ჩათესვის სიღრმე 1,5-2,0 სმ-ია. თესვის საუკეთესო დროა პერიოდი, როცა ნიადაგი ჩათესვის სიღრმეზე 15-18 °С-მდე გათბება. დასათესად უმჯობესია გამოყენებული იქნას პუნქტირებული სათესები. ეს უზრუველყოფს ჩათესვის სიღრმის, თესვის ნორმის და თესლებს შორის მანძილის ზუსტად დაცვას.

პომიდორის წარმოება ჩითილის მეთოდით უფრო გავრცელებული და მისაღები წესია. ჩითილის გამოყვანა ღია გრუნტში გადარგვამდე 30-35 დღით ადრე იწყება. ამ დროს უმჯობესია თესლი სპეციალურად განკუთვნილ კასეტებში დაითესოს.

პომიდორის ჩითილის მეთოდით მოყვანას აწარმოებენ ყველა ზონაში.  ბარში მას საადრეო მოსავლის მისაღებად მიმართავენ, მთაში კი  ჩითილის გამოზრდის გარეშე პომიდვრის მოყვანა საერთოდ არ შეიძლება.

პომიდორის საადრეო ჩითილის მისაღებად ჩითილის გამოზრდას კვალსათბურში, ან სათბურში მიმართავენ. ჩითილის გამოსაყვანად პომიდორის შეწამლულ თესლს თესავენ მწკრივად ან მობნევით. კვალსათბურში მწკრივად თესვისას მწკრივებს ერთმანეთისაგან აშორებენ 4-5 სმ.

ჩითილების გამოზრდისას გავრცელებული წესებია პომიდორის გადაჩითილება ანუ გადარგვა უფრო დიდ საკვებ არეზე და პიკირება. გადაჩითილების შემთხვევაში, თესლს თავდაპირველად სქლად თესენ, ანუ ამ დროს არ ხდება ზემოთ აღნიშნული მწკრივთაშორის მანძილების დაცვა. დათესვიდან 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც მცენარე ლებაფოთლების გარდა განივითარებს 1-2 ნამდვილ ფოთოლს, ახდენენ ჩითილების გადარგვას იგივე საჩითილეში, უფრო დიდ საკვებ არეზე. გადარგვისას ნორჩ მცენარეს ფესვს უმოკლებენ – ფესვის ერთ მესამედს აკვეცენ: ამ პროცესს პიკირება ეწოდება.

დაჩითილების შედეგად ხდება დაცული გრუნტის ფართობის და ჩითილის წარმოებისათვის საჭირო ენერგიის ეკონომია. პიკირება (ფესვის ერთი მესამედით შემოკლება გადაჩითილებისას) კი ხელს უწყობს ფესვის დარჩენილ ნაწილზე გვერდითი ბუსუსა ფესვების განვითარებას და მცენარის ოპტიმალური ზრდის სტიმულირებას.

გადასაჩითილებელ მცენარეებს წინასწარ რწყავენ, შემდეგ იღებენ და რგავენ ახალ საკვებ არეზე. დარგვისას ჩითილს ნიადაგში ლებან-ფოთლებამდე რგავენ. აუცილებელია დარგვისთანავე ჩატარდეს მორწყვა. ხოლო დაჩრდილვის მიზნით ხშირად დაგაჩითილებულ მცენარეებს რამდენიმე დღით ზემოდან აფარებენ ჭილოფებს, ისე, რომ მცენარეებამდე მხოლოდ მკრთალი სინათლე აღწევდეს.

ჩითილი ღია გრუნტში გადასარგავად მზად არის როდესაც განივითარებს 7-9 ნამდვილ ფოთოლს. თუმცა შესაძლებელია უფრო ხნიერი ჩითილების გადარგვაც, უშუალოდ ადგილზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

გადარგვისას, მცენარეებს, რიგებს და მწკრივებს შორის მანძილები დამოკიდებულია უშუალოდ ჯიშის/ჰიბრიდისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე, წარმოების ტექნოლოგიაზე, ადგილზე არსებულ საჭიროებებსა და სხვა ფაქტორებზე. ზოგადად, მიღებულია საშუალოდ 2-2,5 მცენარის განთავსება ერთ კვადრატულ მეტრზე.  

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება. პომიდორის ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა: აზოტი 3,3კგ, ფოსფორი 1,92კგ, კალიუმი 6,96 კგ. (სუფთა ნივთიერებები). ამგვარად, 1 ჰაზე 50 ტ. მოსავლის მისაღებად საჭირო იქნება 165,0 კგ. აზოტის, 96,0 კგ. ფოსფორის და 348,0 კგ. კალიუმის შეტანა (სუფთა ნივთიერებები). აზოტის შეტანა ხდება დამატებითი გამოკვების სახით, ვეგეტაციის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო ფოსფორი და კალიუმი კი სასურველია შეტანილი იქნას შემდეგი წესით: ერთიანი რაოდენობის 2/3  მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი კი დამატებითი გამოკვების სახით.

იმ შემთხვევაში, თუ მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30-მდე ტონა გადამწვარი ნაკელი იქნა შეტანილი, მაშინ მინერალური სასუქებიდან საჭიროა: აზოტი  10კგ, ფოსფორი 21კგ, კალიუმი 168 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

მორწყვა. პომიდორი საჭიროებს ტენიანობის განსაზღვრული დონის შენარჩუნებას. ნიადაგის ზედმეტი ან ნაკლები ტენი იწვევს კულტურის პროდუქტიულობის შემცირებას. ტენის სიჭარბის შემთხვევაში მოსალოდნელია ნაყოფების დახეთქვა, ხოლო არასაკმარისი ტენიანობა კი იწვევს მცენარის ჭკნობას და ხელს უწყობს მის წვეროს სიდამპლით დაავადებას.

პომიდორს ტენით უზრუნველყოფა სჭირდება ვეგეტაციის ყველა ეტაპზე. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში პომიდორი 5-7-ჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 40-503 (წვეთოვანი მორწყვით). მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

გასხვლა. პომიდორის გასხვლისას მცენარეს აშორებენ ყველა ამონაყარს და ნამხრევს, რომლებიც ვითარდებიან ფოთლების იღლიებიდან.

გასხვლის სიძლიერე (ე.ი. ის, თუ რამდენი ნამხრევი შეეცლება და რამდენი დაეტოვება) დამოკიდებულია წარმოების წესზე და პროდუქციის მიზანდასახულობაზე. როდესაც პომიდორი საყრდენზე აკვრით მოჰყავთ, მაშინ უტოვებენ 1-დან 3-მდე ღეროს. სათბურებში კი პომიდორი ერთღეროიანი ფორმით მოჰყავთ.

გასხვლა უზრუნველყოფს მოსავლის ადრეულ ვადებში დამწიფებას და გარდა ამისა, გასხლული პომიდორი იძლევა უფრო დიდი ზომის, ხარისხიან ნაყოფებს.

მოსავლის აღება-შენახვა პომიდორი არაერთდროულად შემოდის. მოკრეფა ხდება დანიშნულების მიხედვით: შორს გადასატანად იგი ადრეულ არასრული სიმწიფის ფაზაში იკრიფება, როცა ნაყოფის მწვანე შეფერვა გამკრთალდება და ნაყოფი მოყვითალო ფერს მიიღებს. ახლო მანძილზე გადატანად პომიდორი მრეში (ჟღალი ფერის) იკრიფება. ხოლო ადგილზე მოსახმარად განკუთვნილი პომიდორი სრული სიმწიფის ფაზაში იკრიფება.

მოკრეფა ხდება ხელით.                                        

პომიდორის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 12°С-დან 21°С-მდე, ხოლო ჰაერის ოპტიმალური შეფარდებითი ტენიანობა კი 90-95%. ამ პირობებში მწვანე პომიდორი ინახება 1-3 კვირის განმავლობაში, მწიფე პომიდორი – 4-7 დღის განმავლობაში. შენახვისას მწვანე პომიდორის დამწიფების პროცესის შენელება შესაძლებელია 90-95% ტენიანობის და 23-24°С-ის პირობებში.

Summary
პომიდორი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები, აგროპოსტი, Agropost
Article Name
პომიდორი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები, აგროპოსტი, Agropost
Description
პომიდორი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები, პომიდორი იწარმოება როგორც ღია გრუნტში პირდაპირი თესვით, ასევე ჩითილის გამოყვანის მეთოდით. პომიდორის წარმოება ჩითილის მეთოდით უფრო გავრცელებული და მისაღები წესია ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …