პომიდორი და მისი ბოტანიკური აღწერილობა

პომიდორი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost

პომიდორი და მისი სხვადასხვა სახეობები წარმოიშვა მექსიკის და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ  რაიონებში. იგი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბოსტნეულია.

ბოტანიკური კლასიფიკაციის მიხედვით პომიდორი ხილია, თუმცა იგი სამეცნიერო-პროფესიულ ლიტერატურაში იხსენიება როგორც ბოსტნეული კულტურა. სიტყვა „პომიდორი“ ნიშნავს „ოქროს ვაშლს“.

პომიდორის სამშობლოდ მექსიკა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული რაიონები  ითვლება. წარმოშობის ადგილებში პომიდვრის მრავალი გარეული სახეობა  გვხვდება. მაგალითად: მოცხარისებრი, ალუბლისებრი, მსხლისებრი და სხვ. პომიდვრის გარეული ფორმები ნაპოვნია აგრეთვე პერუში, ვესტინდოეთში, კანარის კუნძულებსა და ფილიპინებზე.

პომიდორს ნედლი სახით იყენებენ სხვადასხვანაირ სალათებსა და კერძებში. იყენებენ მწნილად, საკონსერვო მრეწველობაში, პიურედ, პასტად, ჩირად, წვენად და სხვ.

პომიდორი მრავალწლიანი მცენარეა. მას უნარი აქვს განივითაროს ყლორტი ყოველი ფოთლის იღლიიდან. ნაყოფის სიმძიმის, ან სხვა ფაქტორების გამო, მისი საყვავილე მტევნიანი ყლორტი მოზრდილი ნაყოფების სიმძიმის გამო მიწაზე ვარდება, სველ მიწასთან შეხების ადგილებთან ის იძლევა დამატებით ფესვებს და სწრაფად ფესვიანდება. ამ სახით პომიდორი მრავლდება ტროპიკებში, მისი წარმოშობის ადგილებში.

პომიდორის თესლი ბრტყელია, თირკმლისებრ-სამკუთხოვანი ფორმის, ფერით მორუხო-ყვითელი და დაფარულია ბეწვებით.

მცენარის ფესვი თავდაპირველად მთავრღერძიანია, შემდეგ იგი იტოტება. ფესვთა სისტემა ნიადაგში 140 სმ-მდე ჩადის და სიგანზე 245 სმ-ის რადიუსში ვრცელდება.

პომიდორის ღერო სწორმდგომი ან გადაშლილია, სუსტად შებუსული. თავდაპირველად იგი ნაზი და ტეხადია, ხოლო ასაკის მომატებასთან ერთად ხდება მისი გამერქნება და გამაგრება. ღეროს სიმაღლე დამოკიდებულია ჯიშზე, გამოზრდის პირობებსა და კულტურის მეთოდზე. ღეროს სიმაღლე  შესაძლოა იყოს 50 სმ – დან 2,5 მეტრამდე.

ფოთოლი წყვეტილ-კენტფრთართულია. არსებობს პომიდორის ორი ძირითადი ტიპის ფოთოლი:

ჩვეულებრივი ფოთოლი. იგი განკვეთილი ნაკვთისაგან შედგება. ნაკვთებს შორის განწყობილია უფრო წვრილი ნაკვთულები, ხოლო ნაკვთებსა და ნაკვთულებს შორის კი უფრო წვრილი ნაკვთულაკები.

კარტოფილის ტიპის ფოთოლი. შუალედური ნაკვთულები და ნაკვთულაკები ამ ტიპის ფოთოლს იშვიათად აქვს. იგი ხასიათდება უბრალო, კიდემთლიანი ნაკვთებით.  

პომიდორის კულტურულ ჯიშებს ყვავილები მარტივი, ან რთული აქვთ, ნასკვი –  ორბუდიანი, ან მრავალბუდიანი. ყვავილედი კი კულტურულ ჯიშებს შეიძლება ჰქონდეთ მარტივი, ან რთული დატოტვილი. ყვავილედში ყვავილების რაოდენობა  5 – დან 80 –  მდე აღწევს.

ჯიშებისა და სახეობების მიხედვით, პომიდორის ნაყოფი სხვადასხვა ფორმის, ფერის და წონისაა. არსებობს სფეროსებრი, მოცხარისმაგვარი, ალუბლისმაგვარი, მსხლისმაგვარი, ქლიავისმაგვარი, ბრტყელი, ოვალური და სხვ. ფორმის ნაყოფები. ფერის მიხედვით შეიძლება იყოს წითელი, ყვითელი, თეთრი. უფრო მეტად გავრცელებულია წითელნაყოფიანი ჯიშები; ზედაპირის  ხასიათის მიხედვით ნაყოფი შეიძლება იყოს გლუვი, სუსტად წიბოვანი, საშუალოდ წიბოვანი და ძლიერწიბოვანი.

პომიდორის სახეობები და ჯიშები. ზრდის თავისებურებების, ნაყოფის ფორმის, ფერის, ვეგეტაციის ხანგრძლივობის და სხვა განმასხვავებელი ნიშან-თვისებების მიხედვით, პომიდორი დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფად.

ზრდის თავისებურებების საფუძველზე პომიდვრის სახეობები იყოფა  ორ ჯგუფად – დეტერმინატული და არა დეტერმინატული: 

  • დეტერმინატული პომიდვრების ყლორტების ზრდა მთავრდება ყვავილების ბუტონით. მცენარეეები, როგორც წესი, უფრო კომპაქტურები არიან (დაახლოებით 2 მეტრამდე სიმაღლის). ამ ჯგუფის წარმომადგენელი სახეობები ადრეულ ვადებში, ჩვეულებრივ, იძლევიან ნაკლები რაოდენობის ნაყოფს. დეტერმინატული ჯგუფის პომიდვრები ძირითადად იწარმოება ღია გრუნტში და არ საჭიროებს საყრდენ სისტემას.
  • არადეტერმინატული პომიდვრის სახეობებს ახასიათებს განგრძობადი ზრდა და განსაკუთრებით კონტროლირებად გარემოში (დაცული გრუნტი) იზრდება მრავალი მეტრის სიგრძეზე. ამ სახეობებისგან წარმოებული პროდუქცია მოიხმარება ნედლი სახით და მათი წარმოება უფრო ხელსაყრელია დაცული გრუნტის პირობებში, რადგან ისინი აგრძელებენ მსხმოიარობას მრავალი თვის მანძილზე მანამ, სანამ მათი ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობებია.
  • არადეტერმინატული სახეობებისათვის საჭიროა შესაბამისი საყრდენი სისტემები, რათა მცენარეები არ ჩაწვეს. როგორც ღია, ასევე დახურული გრუნტის არადეტერმინატული სახეობების წარმოებისას საჭიროა ზრუნვა მათ გასასხლავად, რაც უზრუნველყოფს კარგ ჰაერაციას და სინათლის ოპტიმალურ განაწილებას.

პომიდვრის სახეობები კლასიფიცირდება ასევე ნაყოფის ფორმების მიხედვით:

  • სასუფრე სახეობები მომრგვალო ფორმისაა და მათი წონა მერყეობს 50-დან რამდენიმე ასეულ გრამამდე. ამერიკაში წარმოებული ყველაზე დიდი სასუფრე პომიდვრის წონა თითქმის 3.5 კგ-ა. სასუფრე პომიდვრების სახეობები იწარმოება უშუალოდ ნედლი სახით მოხმარების ან წვენების დამზადების მიზნით. მშრალი ნივთიერებების ნაკლები შემცველობის გამო მათი წარმოება არ არის ხელსაყრელი გადამუშავების მიზნით.
  • გადამუშავებისათვის განსაზღვრულ სახეობებს აქვთ მოგრძო ოვალური ფორმა და მშრალი ნივთიერებების მაღალი შემცველობა, რაც მოსახერხებელს ხდის მათ წარმოებას გადამუშავებისა და ტომატ-პასტის დამზადების, გამოშრობისა და დიდ მანძილებზე ტრანსპორტირების მიზნით. 
  • პომიდორი ჩერის სახეობები იწარმოება უშუალოდ ნედლი სახით რეალიზაციის მიზნით.

ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით პომიდორის ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებად. საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა დათესვიდან პირველი ნაყოფების მომწიფებამდე 80-110 დღე, საშუალოსი 110-130 დღე, საგვიანოების  130-150 დღე.

პომიდვრის სახეობები ფერის მიხედვითაც იწარმოება. ძირითადად არსებობს წითელი, ყვითელი, მეწამული ვარდისფერი და სხვა ფერის პომიდვრები.

Summary
პომიდორი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost
Article Name
პომიდორი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost
Description
პომიდორი და მისი ბოტანიკური გამოყენება აქტიურად ხდება როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში. სიტყვა პომიდორი ნიშნავს ოქროს ვაშლს. პომიდორის სამშობლოდ მექსიკა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული რაიონები ითვლება. პომიდორი მრავალწლიანი მცენარეა.
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …