კიტრი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები

კიტრი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები, აგროპოსტი, Agropost

ადგილი თესლბრუნვაში. კიტრი თესლბრუნვაში ნაბალახარზე თავსდება. ან ითესება ორგანული სასუქით კარგად განოყიერებულო ნიადაგზე.

კიტრისათვის სასურველი წინამორბედი კულტურებია: სიმინდი, თავთავიანი და პარკოსანი კულტურები. კიტრის წარმოება არ არის რეკომენდებული იმ ფართობებზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა გოგროვანი ბაღჩეული კულტურები.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა. კიტრისათვის საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქვიშნარი, ალუვიური, ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგები. ცივ ნიადაგში ფესვთა სისტემა ფუნქციონირებს ცუდად, განვითარება წყდება და მცენარე იღუპება. მცენარე განსაკუთრებით კარგად ვითარდება ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურისა და შესაფერისი ტენიანობის დროს. კიტრისათვის აუცილებელია განათებული, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგი.

კიტრის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 7.0-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ კიტრის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის კიტრის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი პH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება. კიტრისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.   

ნიადაგის დარგვის/თესვისწინა და შემდგომი დამუშავება. გაზაფხულზე ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება სხვადასხვანაირია. ნიადაგურ-კლიმატური პირობების და ძირითადი მოხვნის ჩატარების პერიოდის მიხედვით, გაზაფხულზე ან მარტო დაფარცხვა იქნება საკმარისი, ან ღრმა კულტივაცია ან გადახვნა, თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე მზრალის დაგვისწინა დამუშავება დამოკიდებულია აგრეთვე სასუქის სახეობაზე და შეტანის დროზე. ჭარბტენიან რაიონებში და მსუბუქი ტიპის ნიადაგებზე ნაკელის შეტანა და ჩახვნა წარმოებს გაზაფხულზე. თუ მსუბუქ ნიადაგზე ნაკელის შეტანა შემოდგომაზე განხორციელდა, ამ შემთხვევაში გაზაფხულზე ტარდება ღრმა კულტივაცია, ან გადახვნა ფრთამოხსნილი გუთნებით.

დაწიდულ ქვეთიხნარ ნიადაგებზე ნაკელის შემოდგომაზე შეტანისა და ჩახვნისას (ტენიანი გაზაფხულის პირობებში) ტარდება ფართობების გადახვნა. არასაკმარისი ტენიანობის პირობებში მზრალის გადახვნა არ წარმოებს, არამედ ხდება ღრმად გაფხვიერება კულტივატორებით, 10-12 სმ სიღრმეზე.

უშუალოდ ვეგეტაციის პერიოდში კი კიტრისათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

თესვარგვა. კიტრის პირდაპირ ღია გრუნტში თესვის ან ჩითილის გადარგვისას იგი მწკრივად ითესება. მწკრივთა შორის მანძილი გრძელბარდანი ჯიშებისასთვის 90-100, ხოლო მოკლებარდიანი ჯიშების და ჰიბრიდებისათვის 70-75, სმ-ია. მცენარეებს შორის მანძილი 15-20 სმ-ით განისაზღვრება. მცენარეებს შორის მანძილის შემჭიდროება სამრეწველო დანიშნულების ჰიბრიდებისათვის დასაშვებია 10-12 სმ-მდე. კიტრი შესაძლებელია დაითესოს ბუდობრივადაც, ბუდნებს შორის 70X70 სმ-ის დაშორებით. ბუდნაში რჩება 4 კარგად განვითარებული მცენარე.

თესვის ნორმა მცენარეების ზრდის სიძლიერების და დათესვის სქემის მიხედვით საშუალოდ 4-6 კგ-ია ერთ ჰა-ზე.

ჩათესვის სიღრმე მსუბუქ ნიადაგებზე მშრალ ადგილებში 5, ხოლო უფრო ტენიან და მძიმე ნიადაგებზე 2,5-3 სმ-ს შეადგენს.

კიტრის ჩითილის მეთოდით წარმოება უფრო გავრცელებული წესია. საშუალოდ ერთ ჰა-ზე ირგვება 35-45 ათასი მცენარე. ჩითილის გამოყვანა ღია გრუნტში გადარგვამდე 20-25 დღით ადრე დაიწყება. უმჯობესია თესლი სპეციალურად განკუთვნილ კასეტებში დაითესოს.

ჩითილების გადარგვის შემდეგ, ღია გრუნტში კიტრის მოვლის ძირითადი ღონისძიებებია:

  • გამორგვა.
  • ნიადაგის გაფხვიერება-კულტივაცია.
  • შპალერის მოწყობა ან სარის შედგმა (ვერტიკალური ფორმირების შემთხვევაში).
  • ბრძოლა მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ.
  • გაახალგაზრდავება (ადგილზე არსებული საჭიროებების მიხედვით)
  • მორწყვა

გადარგვის შემდეგ ხშირია ჩითილების დანაკარგები – ზოგიერთი გადარგული ჩითილი ხმება და იღუპება. შესაბამისად, აუცილებელია გაცდენილი ადგილების შევსება ახალი ჩითილებით.

ვეგეტაციის განმავლობაში აუცილებელია, რომ კიტრის ნიადაგი მუდმივად ფხვიერ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და ფართობში არ გაჩნდეს სარეველები. ამისათვის, უშუალოდ ნაკვეთში არსებული საჭიროებების შესაბამისად, საჭიროა ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება და სარეველების მოცილება. საშუალოდ, საჭიროა 3-4-ჯერ კულტივაცია კიტრის ვეგეტაციის განმავლობაში.

ფორმირება. არსებობს კიტრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფორმირების ტიპები. ვერტიკალური ფორმირებისათვის საჭიროა სარის შედგმა, ან შპალერის მოწყობა, ხოლო ჰორიზონტალური ფორმირებისას კულტურა ვითარდება ნიადაგზე და შესაბამისად არ სჭირდება საყრდენი სისტემა. საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც მაღალი ტენიანობაა, საჭიროა უპირატესობა მიენიჭოს ვერტიკალურ ფორმირებას, რათა მცენარეს ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს ნიადაგთან, რაც უკეთ დაიცავს მას სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისაგან.

კიტრის მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა გულისხმობს: ნაკვეთის რეგულარულ გაწმენდას მცენარეული ნარჩენებისა და სარეველებისაგან, დაზიანებული მცენარეების მოცილებას ნაკვეთიდან, დაავადებებისადმი მდგრადი ჯიშების/ჰიბრიდების წარმოებას და შესაბამისი ქიმიური წამლობების დროულ და ხარისხიან განხორციელებას.

ხნოვანების ზრდასთან ერთად კიტრის ქვედა ფოთლები ბერდებიან, ყვითლდებიან და მცენარე შიშვლდება. კიტრის განვითარების ამ ეტაპზე, ხშირად აწარმოებენ მის გაახალგაზრდავებას. ამისათვის აჭრიან ყველა ძველ ხმობად ფოთოლს და წვეროზე ტოვებენ 5-6 ახალგაზრდა ფოთოლს. შემდეგ მცენარეს ხსნიან შპალერიდან/სარიდან და ფრთხილად აწვენენ ნიადაგზე. მცენარის ზედა, ფოთლებიან ნაწილს კი კვლავ აკრავენ საყრდენზე. იმისათვის რომ ღეროები ნაკლებ მტვრევადი გახდეს, აღნიშნული პროცერუდის ჩატარებამდე რამდენიმე დღით (3-4) ადრე წყვეტენ მცენარის რწყვას. მიწაზე დადებულ ღეროებს კი რამდენიმე დღის შემდეგ აყრიან მიწის ნაყოფიერ ფენას. ეს ღონისძიება ძირითადად სათბურებში ტარდება.

ნიადაგის განოყიერება. კიტრის კულტურა ძალიან მომთხოვნია ნიადაგში საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებების მიმართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზოტის შემცველი სასუქები. აღნიშნული ელემენტის ნაკლებობა იწვევს ფოთლების გაყვითლებას. ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი – 3,3 კგ, ფოსფორი – 3,2კგ, კალიუმი – 5,5 კგ (სუფთა ნივთიერებები). თუ იგეგმება  1ჰა-ზე 40 ტონა მოსავლის მისაღებად შესაბამისად შესატანი მინერალური ნივთიერებების რაოდენობები იქნება: აზოტი – 132კგ ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით; ფოსფორი – 128კგ 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით;  კალიუმი – 220კგ 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით. მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 15კგ, ფოსფორი 85კგ, კალიუმი 95 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

მორწყვა. კიტრს ტენით უზრუნველყოფა სჭირდება ვეგეტაციის ყველა ეტაპზე. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში კიტრი 10-15-ჯერ, ან მეტჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 400-500 მ3.

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

მოსავლის აღების ვადა. კიტრს იღებენ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში. იგი პერიოდულად, ყოველ დღე ან დღეგამოშვებით იკრიფება. ნაყოფების მოკრეფის დაყოვნება ამცირებს მოსავლიანობას და აუარესებს ხარისხს.   კრეფა რეკომენდირებულია დილის საათებში.  მოკრეფა ხდება ხელით, ფრთხილად ბუჩქის დაზიანების გარეშე. დიდ ფართობებზე მოკრეფა ხდება ხელით, ტრაქტორზე დაკიდებული სპეციალური პლატფორმის გამოყენებით. პლატფორმის ნელი სვლისას მასზე მწოლიარე მუშები კრეფენ კიტრის ნაყოფებს. მოკრეფილი ნაყოფები მოძრავი ხაზით მანქანის ძარაზე იყრება. პლატფორმა ნაკვეთში სპეციალურად დატოვებულ გზებზე მოძრაობს.

შენახვის პირობები. კიტრის სიცივისადმი მგრძნობიარობის მიუხედავად შესაძლებელია მისი წინასწარი გაცივება ცივი წყლით (ჰიდროგაცივება) ან შეკუმშული ჰაერით, თუმცა დაუშვებელია სიცივეში კიტრის 6 სთ-ზე მეტი ხნით გაჩერება. კიტრის შენახვის რეკომენდირებული  ტემპერატურაა 10-120С 95% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. შენახვის ვადა ჩვეულებრივ < 14 დღეზე. ამის შემდეგ ვიზუალური და სენსორული ხარისხი სწრაფად უარესდება.

Summary
კიტრი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები, აგროპოსტი, Agropost
Article Name
კიტრი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები, აგროპოსტი, Agropost
Description
კიტრი და მისი მოვლის ძირითადი აგროწესები, კიტრი თესლბრუნვაში ნაბალახარზე თავსდება. ან ითესება ორგანული სასუქით კარგად განოყიერებულო ნიადაგზე. კიტრისათვის საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქვიშნარი, ალუვიური, ნეშომპალათი ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …