
კიტრის სამშობლო-ინდოეთის ტროპიკული რაიონებია. საქართველოში მოჰყავთ უხსოვარი დროიდან.
კიტრი ერთწლიანი მხვიარა ან მხოხავი მცენარეა. აქვს მსხვილი თესლი. ჯიშზე დამოკიდებულებით ერთ გრამში 30-40 ცალი თესლია, ხოლო ერთ ნაყოფში 200-600 ცალი (7-20 გრ). თესლი თეთრია, რომელსაც მოყვითალო ელფერი დაკრავს. კიტრის ღივები ნორმალური ტემპერატურის პირობებში 4-5 დღეში ამოდიან.
კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა. ყინვას ვერ იტანს. მისი ზრდა-განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 18-32°С – მდეა. მისი თესლი გაზაფხულზე თესვის პირობებში გაღივებას იწყებს 13°С – 14°С- ზე, უფრო დაბალ ტემპერატურაზე თესლი არ ღივდება და ლპება. ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გაღივებისათვის 25-30°С – ია.
კიტრი ნაყოფიან ბოსტნეულ მცენარეთა შორის განათების ნაკლებ მომთხოვნი მცენარეა. პირიქით, პირდაპირი მზის სხივები უარყოფითად მოქმედებს მასზე. ამიტომ ცხელ, უხვმზიან რაიონებში უმჯობესია მისი დამაჩრდილებელ მცენარეებთან ერთად კულისურად თესვა. ამ შემთხვევაში სიმწარეც ნაკლებად ექნება.
კიტრი ტენისადმი მომთხოვნია. საჭიროებს, როგორც ნიადაგის (70-80 %) ასევე ჰაერის (80-90 %) დიდ შეფარდებით ტენიანობას.
დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ნაყოფიერებისადმი. მაღალი მოსავლის მიღება მხოლოდ კარგ სტრუქტურიან, ნოყიერ ნიადაგზე შეიძლება. კიტრის მცენარეები ადაპტირებულია ნიადაგის ისეთი ტიპების ფართო სპექტრის მიმართ, რომლებსაც კარგი დრენაჟი და წყლის შეკავების შესაძლებლობა აქვთ.
ქიმიური შემადგენლობა. კიტრის ნაყოფი შეიცავს 95,3%-მდე წყალს, 4,7% მშრალ ნივთიერებას, 1,1% აზოტოვან ნივთიერებას, 1,1% ნახშირწყლებს (შაქარი და სახამებელი), 0,1% ცხიმებს, 0,8% უჯრედისს და 0,4% ნაცარს.
რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (pH). კიტრისათვის საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქვიშნარი, ალუვიური, ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგები. ცივ ნიადაგში ფესვთა სისტემა ფუნქციონირებს ცუდად, განვითარება წყდება და მცენარე იღუპება. მცენარე განსაკუთრებით კარგად ვითარდება ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურისა და შესაფერისი ტენიანობის დროს. კიტრისათვის აუცილებელია განათებული, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგი.
კიტრის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 7.0-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ კიტრის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის კიტრის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი პH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია ის ძირითადი აგროკლიმატური პარამეტრები, რაც სჭირდება ამ კულტურას ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა | 25-30 °С |
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა | 90-95% |
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა | 85-95% |
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია, pH | 6,0-7,0 |
გავრცელების არეალი ზღვის დონიდან | 1600 |
საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი | 1200-1500°С |
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი | 0°С |
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი | 350 |
სასურველი წინამორბედი კულტურები | სიმინდი, თავთავიანი, პარკოსანი კულტურები. |
არასასურველი წინამორბედი კულტურები | კიტრი, ბაღჩეული კულტურები. |
ნიადაგის განოყიერება. კიტრის კულტურა ძალიან მომთხოვნია ნიადაგში საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებების მიმართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზოტის შემცველი სასუქები. აღნიშნული ელემენტის ნაკლებობა იწვევს ფოთლების გაყვითლებას. ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი – 3,3 კგ, ფოსფორი – 3,2კგ, კალიუმი – 5,5 კგ (სუფთა ნივთიერებები). თუ იგეგმება 1ჰა-ზე 40 ტონა მოსავლის მისაღებად შესაბამისად შესატანი მინერალური ნივთიერებების რაოდენობები იქნება: აზოტი – 132კგ ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით; ფოსფორი – 128კგ 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით; კალიუმი – 220კგ 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით. მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 15კგ, ფოსფორი 85კგ, კალიუმი 95 კგ. (სუფთა ნივთიერებები).
კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

